|
2017-03-24 20:41:03, 1727 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ
დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია ყოველთვის ასრულებდა გამორჩეულ როლს და იცავდა ერისა და ქვეყნის ინტერესებს. "დღეს ქართველი ერისა და ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა - ზუსტად 100 წლის წინ, 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წართმეული ავტოკეფალია დაიბრუნა. ამ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა ერის ცნობიერებაში ერთგვარი გარდამტეხი როლი შეასრულა, რასაც ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებაც მოჰყვა. ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის სათაყვანებელ სარწმუნოებას, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო, ჩვენი სულიერი საგანძური და ამ განძის გადარჩენა, იმპერიული მარწუხებისგან მისი დახსნა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული. 2017 წელი გამორჩეულია ჩვენთვის, ვინაიდან წელს ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თარიღებს მიეძღვნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გაიმართება „საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი“, რომელიც ფართო წარმომადგენლობის იქნება. ფორუმზე თავს მოიყრიან სხვადასხვა ქვეყნისა და კონფესიების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, სამეცნიერო და კულტურული წრეების თვალსაჩინო მოღვაწეები. ეს ფორუმი კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისა, რომ წარმოვაჩინოთ საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც არის არა მხოლოდ სხვა აღმსარებლობათა და ეროვნებათა მიმართ შემწყნარებლობის მაგალითი, არამედ კულტურათა დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი, რაც ქართული ცნობიერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი ნიშანია. მჯერა, რომ ყოველი ასეთი ღონისძიება თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)