|
2017-02-16 17:03:16, 1479 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქ კოლეგასთან ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე თავდაცვის სფეროში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო. მისივე თქმით, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოების გვერდითაა და წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. მინისტრებმა მაისში, თბილისში დაგეგმილ თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზეც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი შეეხო აპრილში, თბილისში დაგეგმილ სამივე ქვეყნის შტაბის უფროსების შეხვედრის მნიშვნელობასაც. ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას. ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ გაამახვილებს ყურადღებას. (NS)
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)