21:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 15:42:36, 1899 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა. 

„მსოფლიოში აღიარებული გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ამჟამად გამოქვეყნებული, 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო შევიდა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით გამოჩენილ ქვეყნების ოცეულში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტორია ჩვენთვის. 2017 წლის მონაცემებით,  საქართველომ დაიკავა მეცამეტე ადგილი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოზიციები, წინა წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების ხარისხსაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„წელს,  წინა წელთან შედარებით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს რამდენიმე  ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით,  როგორიცაა საკუთრების უფლებები, ბიზნესის თავისუფლება, ფისკალური სიჯანსაღე და შრომის თავისუფლება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე და არათუ ჩვენი უშუალო მეზობლები, არამედ უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებიც ჩვენზე ბევრად უკან არიან ამ რეიტინგში“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

აღნიშნული ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება და 200-მდე ქვეყნისათვის იკვლევს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს. რეიტინგი თითოეული ქვეყნისათვის განიხილავს  საკანონმდებლო, სახელმწიფო მმართველობის, რეგულირებისა და ვაჭრობის ეფექტიანობასა და ხარისხს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის. 

ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი“, ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 2017 წლისათვის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებით: 
•    საკუთრების უფლებების დაცვა - 15.1 ქულით (55.1 ქულა): აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კონტრაქტების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ასევე სასამართლო რეფორმების განხორციელებასთან. 
•    ფისკალური სიჯანსაღე (წინა წლებში ამ კომპონენტს ერქვა ფისკალური თავისუფლება) - 5.9 ქულით (93.5 ქულა): აღნიშნული მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოს ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, ასევე საგარეო ვალისა და დაბალი საგადასახადო ტვირთის არსებობით. ამასთან, ინდექსში არ არის გათვალისწინებული მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც მომდევნო წელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ ფაქტორის შეფასებას.  
•    ბიზნესის თავისუფლება - 0.7 ქულით (87.2 ქულა): აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს წარმატება განაპირობა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების სიმარტივემ, მუშახელის არასახელფასო ხარჯის დაბალმა დონემ, ბიზნესის სავალდებულო საწყისი კაპიტალის არარსებობამ და ბიზნესის რეგულირების ძალიან ეფექტიანმა მექანიზმებმა. 
•    შრომის თავისუფლება - 0.2 ქულა (75.9 ქულა).
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, რადიკალურად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:
•    საკუთრების უფლების დაცვა 
•    ფისკალური სიჯანსაღე
•    სახელმწიფო ხარჯები 
•    მონეტარული თავისუფლება  
•    საინვესტიციო გარემო.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით რეგიონში (კლასიფიცირებულია ევროპის რეგიონად) მე-5 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესტონეთი და შვეიცარია. იმავე რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ჩამორჩებიან ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ლიტვა, დანია, შვედეთი, ლატვია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია და სხვ.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლებს. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთი არის 114-ე ადგილზე, თურქეთი - მე-60 ადგილზე, სომხეთი - 33-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 68-ე ადგილზე, ყირგიზეთი - 89-ე ადგილზე, ყაზახეთი - 42-ე ადგილზე, უზბეკეთი - 148-ე ადგილზე, თურქმენეთი - 170-ე ადგილზე, უკრაინა - 166-ე ადგილზე, ბელორუსია - 104-ე ადგილზე, მოლდოვა - 110-ე ადგილზე. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics