14:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:42:35, 2061 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ეროვული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ბანკი 2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

განცხადების თანახმად, სესხების გალარების პროგრამა ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას ითვალისწინებს, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე:

"პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს. სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

კერძოდ, თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე. 

ასევე, თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული სქემის მიზანია ბანკმა მომხმარებლებს შეუმსუბუქოს სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

"არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები. კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ვადიანობა არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ის ცნობით, "მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება". 

გარდა ამისა, შეეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და შემდეგ მისი გადოლარება მოხდა, როგორც სებ-ი აცხადებს, 2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული, სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

"ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარი სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას. სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე. ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება", - აცხადებენ სებ-ში. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics