|
2016-11-11 13:07:53, 1643 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
კეპულაძე ლარის კურსზე: მთავრობას უფრო მეტი მუშაობა მართებს და არა ტრამპზე და „ბრექსითიზე“ გადაბრალება
„საქართველოს ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი ნუგეში ვერ იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ექსპერტის თქმით, ის რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ლოგიკურია, რადგან მცურავ გაცვლით კურსს როგორც გამყარება, ასევე გაუფასურებაც ახასიათებს. მანვე განმარტა, რომ ლარის გაუფასურება ფასებზე აუცილებლად აისახება. „ის რაზეც ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლოგიკურია, რადგან ზოგადად მცურავ გაცვლით კურსს მოკლევადიან პერიოდში ახასიათებს როგორც გამყარება, ასევე გაუფასურება. თუმცა, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარე წესით, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება. ეს გრძელვადიანი პერსპექტივა ამ ეტაპზე ვერაფერი ნუგეში ვერ იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს დოლარში, შემოსავალი ლარში და ყოველთვიურად უძვირდებათ. ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები წარმოქმნას, ვთქვათ, ეს პრობლემა გადაეცეს არამხოლოდ ბანკების მომხმარებელს, არამედ თავად ბანკებს, რადგან შესაძლოა, გაიზარდოს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა, რაც პრობლემებს შეუქმნის ბანკებს და ბანკებისთვის შექმნილი პრობლემა რა თქმა უნდა შემდეგ გადაეცემა ეკონომიკას. ეს არის მთავარი რაც ახლა ყველაზე მეტად უნდა გვაწუხებდეს. გარდა იმისა, ლარი რომ უფასურდება, ეს ფასებზეც აუცილებლად აისახება. ზოგადად ეს პერიოდი ხასიათდება გაუფასურებით, ეს სეზონური მომენტია და ამ პერიოდში მთავრობა როგორც წესი, უფრო დეფიციტურად ხარჯავს თანხას, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად არის ეს დეფიციტური ხარჯვა, ზუსტად თქმა შეუძლებელია“,-განაცხადა კეპულაძემ. კეპულაძის თქმით, ფუნდამენტური ფაქტორების შესახებ მონაცემებს საზოგადოება გვიან იგებს, რაც ანალიზისა და კონკრეტული დასკვნების გამოტანისას დამატებით პრობლემებს ქმნის. „როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გაუარესებული არ არის, ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში არის ის, რომ ჩვენ ძალიან გვიან ვიგებთ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შესახებ მონაცემებს, ინვესტიციების, გზავნილების, ექსპორტ-იმპორტის სხვაობის შესახებ, რაც დამატებით პრობლემას ქმნის ანალიზთან და კონკრეტული დასკვნების გამოტანასთან დაკავშირებით. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ ლარის ეს გაუფასურება რა პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ბანკების იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ“,-აღნიშნა კეპულაძემ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს, ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნები საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს. „ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მახსოვს, საუბარი იყო იმაზე, რომ დოლარი გლობალურად გაუფასურდა და ჩვენთან ლარი გამყარდება, მაგრამ როგორც ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს. მითუმეტეს, ჩვენ იმიტომ გვყავს მთავრობა, რომ მომზადებული შეხვდეს და გაუმკლავდეს საგარეო შოკებს და არა იმიტომ რომ ყველა ბანკის შეძენამ თუ გაყიდვამ, მსხვილმა ტრანზაქციამ, ყველა საგარეო შოკმა პრობლემა შეუქმნას ვალუტის გაცვლით კურსს. შესაბამისად, მთავრობას უფრო მეტი მუშაობა მართებს და არა ხან ტრამპზე გადაბრალება, ხან „ბრექსითიზე“, - დასძინა კეპულაძემ. ცნობისთვის, ლარის კურსის ვარდნის მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს , 2.4773 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4546 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0227 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)