15:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 13:09:46, 603 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია: არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები.

მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის  ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გადაწყვეტილება მიიღო.

დანელიას განმარტებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია  პირდაპირ მევენახეზე გაიცემა და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.

ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცემა: 1კგ რქაწითელზე-45 თეთრი, 1კგ კახურ მწვანეზე-45 თეთრი და 1 კგ საფერავზე-20 თეთრი.  

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული- 2 ლარი.

ამასთან, როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით,  მიმდინარე წელს  ღვინისა  და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საშუალებების მიზნობრიობით გაგრძელდება.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ფერმერებისგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა  10 მილიიონი ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების  მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მილიონი ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა 3 წლის ვადით განისაზღვრა.

შეხვედრაზე დანელიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს  ყურძნის ღირებულბას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს  ბაზარი არეგულირებს.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა  რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი სამანიშვილმა რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო საკითხებზე ისაუბრა.

რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს გიორგი სამანიშვილი  უხელმძღვანელებს.

შტაბის ფუნქციონირება რთველის  პროცესში ჩართულ მხარეებს შორის აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, გასული წლის მსგავსად, ამოქმედდა ცხელი ხაზი-1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

შეხვედრაზე სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა  დღემდე შენარჩუნებულია-7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მილიონ  ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics