05:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:23:18, 1057 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის, შპს ”ცენტრ პოინტი აჭარას“ დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. 

„ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას.  ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“. პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ  მიმართა „ცენტრ პოინტ ჯგუფს“, ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით.

შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“- ს ფილიალის შპს „ცენტრ პოინტი აჭარა“ დირექტორებს წარმოადგენდნენ:  2004 წლის 23 ივლისიდან - 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში  სალომე ჩარკვიანი, ხოლო 2006 წლის 28 ნოემბრიდან - ირაკლი მინდელი. დირექტორები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“- ს დამფუძნებელ პარტნიორთან მაია რჩეულიშვილთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან და მოქმედებდნენ  მათი მითითებით. შპს „ცენტრ პოინტ აჭარა“- ს  ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics