|
2016-07-09 21:47:26, 634 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა
ნატოს ვარშავის სამიტი დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამიტის შედეგები შეაჯამა და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიღებული კომუნიკე შეაფასა. „სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა სამიტის კომუნიკე, ვარშავის სამიტის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი. შემდეგი დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება სიტყვასიტყვით გავიაროთ ეს ტექსტი, რომელიც საქართველოს ეხება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც თავიდანვე ყურადღება უნდა გავამახვილო და რაც არის ამ კომუნიკეს სიახლე ყველა წინა დოკუმენტებთან შედარებით, რომელშიც საქართველო ყოფილა მოხსენიებული, ის არის, რომ გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს, სადაც საუბარია საქართველოს პროგრესზე, წარმატებაზე, ნატოსთან თავსებადობაზე, ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროებისთვის და ქართველი ხალხისათვის მადლობის გადახდაზე კონტრიბუციისთვის, საქართველო, როგორც გამჭოლი გასდევს მთელ ტექსტს. მთელი ტექსტის განმავლობაში თქვენ სხვადასხვა ადგილებში შეხვდებით საქართველოს ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებს. ეს პირველად მოხდა და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატო საკუთარ თავზე, საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ მიღწევებზე ან საფრთხეებზე, რომელსაც ის ხედავს, საუბრის დროს ყველგან თანაბრად, ზუსტად ისე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, იხსენიებს საქართველოს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ტექსტის და მნიშვნელოვანი დასტური საქართველოს მიმართ დამოკიდებულების“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დოკუმენტში საქართველო არის მოხსენიებული, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი. „საქართველოსთან მიმართებაში საუბარია ე.წ. „სამი ზღვის უსაფრთხოების“ პარაგრაფებში, სადაც ნატო საუბრობს ბალტიის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ - ამ სეგმენტში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. კომუნიკეთი გამეორებულია და დადასტურებულია ის, რაც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე უკვე ითქვა, რომ საქართველო იქნება თანამონაწილე ამ უსაფრთხოების სისტემის. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მიღწევა. მეორე, საუბარი არის ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზე, სადაც ასევე საუბარია, რომ დაგვეხმარება ყველა შესაძლო საშუალებით. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა - ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების გაძლიერება იყოს პროგრესირებადი და ნატოს სტანდარტების ადეკვატური. მესამე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ თქვენ ეს ნაწილი გაინტერესებთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტექსტი საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ იქ პრაქტიკულად არ გვხვდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა ერთი წინადადებისა - ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში. ეს არის, როგორც ერთგვარი დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვარშავის სამიტისგან, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიული. ბევრი პარაგრაფი, რომელიც ამ დოკუმენტშია, ეხება იმას, როგორ გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა, როგორ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის JTEC. შარშან საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა და დღეს უკვე დეკლარაციაში მოხვდა ზუსტად ის ტექსტი, რომელზეც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდით, რომელიც ამბობს, რომ JTEC იქნება ნაწილი, იქნება აფილირებული ნატოს სისტემასთან. ანუ ჩვენ JTEC-ს გამოვიყენებთ უკვე როგორც არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიზნებისთვის, არამედ როგორც ნებისმიერი წევრი თუ პარტნიორი ქვეყნის მიზნებისთვის, როგორც ავღანეთში, ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, ასევე სხვა ოპერაციებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად ჩვენ უკვე ვიხილავთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისთვის სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მომზადებას საქართველოში. ეს არის თვისობრივად ახალი დონე - რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადადის განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე, როდესაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ, მიმწოდებელი ქვეყანა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)