|
2016-05-04 14:15:20, 1116 ნახვა
საზოგადოება
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნა
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ. პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ბანკი თავდაცვის სამინისტროს იდეას გამოეხმაურა და პროექტის რეალიზებისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმა წარადგინა. დღეს კი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს. ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ – ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით - „მადლობა სამსახურისთვის“. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რადგან ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ. დაგეგმილია პროექტ Army Junior - ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება. პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეებს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)