|
2016-04-14 19:03:32, 1046 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ოპოზიციური გაერთიანების კარი „ნაცმოძრაობისა“ და „რესპუბლიკელების“ გარდა, ყველასთვის ღია იქნება (ინტერვიუ)
შესაძლოა ოპოზიციური პარტიები გაერთიანდენ და არჩევნებზე საერთო ოპოზიციური ერთობა ვიხილოთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინაშვილის თქმით, „ალიანსმა“ ეს იდეა ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში გააჟღერა. ახლა კი დეტალების დაზუსტება მიმდიანრეობს. ამბობს, რომ ოპოზიციური გაერთიანება ყველა პარტიისთვის ღიაა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკელების“ გარდა. ინაშვილის განცხადებით, ამ ორი პარტიისგან განსხვავებით ეს კარი ღიაა ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატებისთვის. ირმა ინაშვილს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის შესახებაც ვესაუბრეთ. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ორგანიზაციას სრულ უნდობლობას უცხადებს და დასძენს, რომ იწყებენ კამპანიას „არ ვენდობი NDI-ს“. ამ ფორმატში პარტია ფართო სოციოლოგიურ გამოკვლევას ჩაატარებენ. იგი ახლა ჩატარებული კვლევის შედეგებზეც საუბრობს, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 67%-ის აზრით NDI მატყუარა ორგანიზაციაა. გარდა ამისა ირმა ინაშვილი იმასაც ამბობს, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებაში მოვა, NDI-ის საქმიანობით დაინტერესდებიან და ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებენ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. თქვენ არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ არ ენდობით NDI-ს კვლევებს. როგორ ფიქრობთ რას ემსახურება ეს კვლევა? პირველ რიგში მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნო NDI-ს თბილისის ბიურო და NDI-ს სათაო ოფისი, რომელიც პრაქტიკულად არ არის ინფორმირებული თუ რა საქმიანობას ეწევა NDI-ს თბილისის ბიურო. ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გამოკითხვა სრულ დისონანსში მოდის ქართველი ხალხის აზრისგან. ეს ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. ხალხი შეურაცხყოფილია ტყუილით, შეურაცხყოფილია იმ არასწორი მაჩვენებლებით თუ ტენდენციებით, რასაც წლების განმავლობაში ავრცელებს NDI. ამის გამო საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობები ძლიერდება. ვაპირებთ, რომ ამ თემაზე NDI-ს სათაო ოფისს მივაწოდოთ ინფორმაცია ვაშინგტონში. ასევე ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს სენატსა და კონგრესში. ასევე მათ გავუზიარებთ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის შედეგებსაც. ამაზეც უნდა გკითხოთ. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 26%-მა არ იცის NDI-ს არსებობის შესახებ. სად ჩაატარეთ ეს კვლევა, რა მეთოდოლოგიით და რა მიზნით? ჩვენ ველოდით მსგავსი შედეგების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ ეს კვლევა. საქართველოს მასშტაბით 8517 ადამიანი გამოვიკითხეთ. მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ამ კვლევის შედეგები. საქართველოს მოსახლეობის 67% თვლის, რომ NDI მატყუარა ორგანიზაციაა. ყველა დიდი ქალაქი მოიცვა კვლევამ, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 4%-ს საერთოდ არ უნდა NDI-ს კვლევაზე საუბარი, 26%-მა საერთოდ არ იცის რა საქმიანობას ეწევა NDI. ორგანიზაციას ჩვენი კვლევის მხოლოდ 3% ენდობა. მინდა გაგახსენოთ ამ ორგანიზაციის 2012 წლის კვლევის შედეგები, როდესაც ე.წ. კვლევა საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, თითქოს ბიძინა ივანიშვილს რეიტინგით ორჯერ უსწრებდა გიორგი თარგამაძე... სიმართლე კი ის არის, რომ NDI-ს საქმიანობა დაკავშირებული იყო და ახლაც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ორგანიზაცია ცდილობს, რომ გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“. შექმნან ილუზია, თითქოს ეს არის დომინანტი პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ეს რეალობას არ შეესაბამება. „ნაცმოძრაობას“ არანაირი 13% არ აქვს. NDI-მ დააანონსა მორიგი კვლევის შედეგები, რომ იქნება ივლისში. მინდა მეც დავააანონსო, რომ ივლისში იქნება ჩვენი ახალი კვლევები. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „არ ვენდობი NDI-ს“. ეს კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. შევეცდებით, რომ იმ კვლევაში არა 28 000, არამედ 280 000 ადამიანი გამოვიკითხოთ ივლისის ბოლომდე. ეს პროცესი უკვე დაიწყო. ვნახოთ რამდენი ადამიანი იტყვის, რომ არ ენდობა NDI-ს. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც იტყვის, რომ NDI მატყუარა ორგანიზაციაა. ამ კვლევის ჩატარება „პატრიოტთა ალიანსმა“ რომელიმე სოციოლოგიურ კვლევით ცენტრს დაუკვეთა? ეს კვლევა „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა. მისი მიზანია განწყობების გამოვლენა. არა მარტო NDI-თან მიმართებაში, არამედ ხდება პარტიული რეიტინგის შესწავლაც და ზოგადად საზოგადოების განწყობების შესწავლა. მაგრამ საინტერესოა ის, რომ ჩვენს კვლევაში რესპონდენტები იდენტიფიცირებულია. არსებობს გამოკითხვის ფურცელი, სადაც შესაძლებელია რესპონდენტის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის და ა.შ. გაცნობა. ანუ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაციის გადამოწმება? დიახ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადარეკოს და გადაამოწმოს ეს ინფორმაცია მიიღო თუ არა კონკრეტულმა პირმა კვლევაში მონაწილეობა, დააფიქსირა თუ არა ის პოზიცია რაც კვლევაშია მოცემული და ა.შ. ჩვენი კვლევა გამჭვირვალეა და არ ეყრდნობა ინკოგნიტო რესპონდენტებს. ის 3900 რესპონდენტი, რომლებიც NDI-ს კვლევებში ფიგურირებენ პრაქტიკულად უჩინმაჩინები არიან. ამას ჩვენ 28 000 იდენტიფიცირებულ რესპონდენტს ვუპირისპირებთ. არ ვთვლით, რომ NDI-ს კვლევაში ან ჩვენი პარტიისთვის ან ჩვენი პარტიის ლიდერებისთვის რაიმე ტრაგიკულია. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში ტყუილით მანიპულირება და ამ მეთოდით საზოგადოებაზე ზემოქმედება. NDI-ს წნეხისგან გათავისუფლდეს ქართული საზოგადოება. არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და არა წინასწარი წნეხის ქვეშ. ორგანიზაციის კვლევას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილში არ ენდობით თუ ტენდენციებშიც? შემდეგ კვლევაში უკვე დაშლილი კოალიცია იქნება. რას ელოდებით შემდეგი კვლევისგან? მე არ ვაღიარებ NDI-ს პროცენტულ მაჩვენებელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს 13%. არ ვაღიარებ არც შემდეგ კვლევას. თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა სხვა კვლევა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 33% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%... ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო GHN-მა. ეს ინფორმაცია მიზნად ისახავს NDI-ს გუშინდელი კვლევის შედეგების „გაპრავებას“. თითქოს ისევ ეს ორი პარტიაა დომინანტი. ამ კვლევაში „რესპუბლიკურ პარტიას“ 7% აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის რეალური. „რესპუბლიკელებს“ არანაირი 7% არ აქვს. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და ვნახავთ რომელ პარტიას რა პროცენტული მაჩვენებელი აქვს. NDI-ს კვლევაზე ასეთი მოსაზრებებიც გაჩნდა, რომ რევოლუციური ნიადაგის მომზადებას ისახავს მიზნად. თქვენც იზიარებთ ამ შეფასებას? ის, რაც ჩანს NDI-ს ამ ე.წ. კვლევებით, ეს არის ფარული სამოქალაქო ომი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ კვლევით გვეუბნება, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობას ენატრება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კვლევა საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეისკენ მიაქანებს. ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა, რომლის ხელისუფლებაც თავის მოსახლეობას ეუბნება რომ ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ასეთი ტიპის ზემოქმედება კრიმინალია. NDI-ს საქმიანობა საქართველოში კრიმინალური საქმიანობაა. ჩვენ რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფო საქართველოს მთავარი პროკურატურა, აქამდე დაიწყებდა მისი საქმიანობის შესწავლას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში NDI-ს საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყებას აპირებთ? რა თქმა უნდა. ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში აუცილებლად დავიწყებთ ამ საქმის გამოძიებას. გამოვიძიებთ იმ ორგანიზაციის საქმიანობას, რომელიც წლების მანძილზე მანიპულირებს საზოგადოებრივი განწყობებით. მედიაში პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები ამა თუ იმ პარტიასთან გაერთიანებაზე. განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძე“დემოკრატიული მოძრაობის“ გაერთიანებაზე... გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა? ძალიან ბევრი და სხვადასხვა ტიპისს ინფორმაციები ვრცელდება. იმასაც მეკითხებიან ხოლმე შევქმნით თუ არა ბლოკს „მრეწველებთან“. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვუდასტურებ პატივისცემას „მრეწველების“ ლიდერებს გოგი თოფაძესა და ზურაბ ტყემელაძეს, ასევე პარტიის ახალგაზრდა თაობას. მხარს ვუჭერ თოფაძის მოქმედებებს სიმართლის დასაცავად. მაგრამ ჩვენს შორის პოლიტიკური პარტნიორობის თაობაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. არც მათთან და არც სხვა პარტიებთან გაერთიანების თაობაზე საუბარი არ ყოფილა. კონკრეტულ პარტიებთან კოალიციის შექმნაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი ინიციატივა და მოვუწოდეთ თითოეულ პარტიას, რომ მოხდეს საერთო ოპოზიციური გაერთიანება და ამ გაერთიანებით გავიდეთ არჩევნებზე. ამაზე მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, შედგება თუ არა ოპოზიციური გაერთიანება და გამოვალთ თუ არა არჩევნებზე ერთად. თუ საერთო ოპოზიციური გაერთიანება არ შედგა, მაშინ ცხადია „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად გამოვა არჩევნებზე. თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რომელ პარტიებს შესთავაზეთ თანამშრომლობა? იცით, რომ არსებობს ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე მუშაობდა. ამ ჯგუფში შემავალი პარტიები ინფორმირებულნი არიან. ასევე კარი ღიაა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“? არა. ოპოზიცია მინუს „ნაციონალური მოძრაობა“. „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ რაც შეეხება მათთვის კარი ღიაა? „რესპუბლიკელებსაც“ გამოვრიცხავ ამ გაერთიანებაში. დანარჩენი ყველასთვის კარი ღიაა. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ თანამშრომლობას მათაც ვთავაზობთ. თუ მოხდა ისე, რომ პარლამენტში მოხვდით თქვენც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „რესპუბლიკელებიც“.ამ პარტიებთან თანამშრომლობას ამ ფორმატშიც არ აპირებთ? „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არცერთ საკითხზე თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ვგეგმავთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი არ ვერჩით „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრებს. მინდა ამ ხალხს მოვუწოდო, რომ პარტია დატოვონ. არ მოექცნენ NDI-ს კვლევის ქვეშ და არ იფიქრონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგული პარტიაა. პარლამენტში ვითანამშრომლებთ ყველა ჯანსაღ ძალასთან, რომლის ხედვებიც ჩვენს ხედვებს დაემთხვევა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში. ასეთი ხედვები ემთხვევა ჩვენსა და პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს შორის. დასამალი არაფერია, ამ პარტიაში ბევრი მეგობარი და თანამოაზრე მყავს. ასევე ვითანმაშრომლებთ „მრეწველებთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და ყველა იმ პარტიასთან, რომელთანაც საერთო შეხების წერტილი გადაიკვეთება რაიმე საკითხზე. ცნობილია თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრული ურთიერთობის შესახებ. ბოლო პერიოდში მასთან შეხვედრა ხომ არ გქონიათ და ხომ არ გისაუბრიათ რიგ საკითხზებზე? არა, ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ. იაგო ნაცვლიშვილი
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)