16:30 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:13:31, 292 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ

3 არასამთავრობო, სადამკვირვებლო ორგანიზაცია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნები (ISFED) საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს.

ამ ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს. 

"ამ საკანონმდებლო პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითად ვაფასებთ. ცვლილებები გამოიწვევს ნაკლებად გადამოწმებად საარჩევნო შედეგებს, შეზღუდულ სასამართლო კონტროლს და კიდევ უფრო ცენტრალიზებულ საარჩევნო ადმინისტრირებას.

ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა მხოლოდ ტექნიკური შეცდომებით შემოიფარგლება, უქმდება ბიულეტენების სავალდებულო გადათვლა, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღება. ეს ყოველივე კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც სუსტი კონტროლის მექანიზმებს და გაზრდის საარჩევნო ადმინისტრირების ცენტრალიზაციას. დამატებითი პროცედურული და სარეკლამო შეზღუდვები კი გააუარესებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ცესკო-ს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით. ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას. ამასთან, ზოგიერთი დარღვევის სისტემური ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემებისა და საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთოს. შესაბამისად, მხოლოდ ცალკეულ უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს. შემოთავაზებული ცვლილება უხეშად ზღუდავს და ასუსტებს საარჩევნო უფლების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს.

არჩევნები ერთიან, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესს წარმოადგენს. შესაბამისად, სისტემური ხასიათის დავების განხილვისას შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ცალკეული საარჩევნო უბნების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების შეფასება, არამედ იმ დარღვევების ერთობლივი ანალიზიც, რომლებიც მთლიან საარჩევნო პროცესს უკავშირდება". - წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ების განცხადებით, ქართული ოცნების ამ ინიციატივას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია და ჩართულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციები, რაც მათივე თქმით, ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

"ეს ინიციატივა უნდა შეფასდეს ბოლო წლებში დამკვიდრებული პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებისა და რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში, როცა სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება. ქმედითი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გარეშე სახელმწიფო კარგავს საზოგადოებრივ ნდობას და საერთო ინტერესების დაცვის ნაცვლად ვიწრო ჯგუფური ინტერესების გამტარებელ სისტემად გარდაიქმნება". - წერენ NGO-ები.

ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 5 საარჩევნო უბნის შედეგების სავალდებულო გადათვლის გაუქმება პროცესის გამჭვირვალობას შეამცირებს და ოფიციალური შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო შეასუსტებს.

"სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ფუნქციის კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნულ კომპეტენციაში გადაცემა ზრდის სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს. ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გამოირიცხებიან კომისიის წევრები (მათ შორის, პარტიების მიერ დანიშნული წევრები), რაც ასუსტებს ურთიერთგაწონასწორებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადის შემცირებამ შეიძლება შეაფერხოს საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობა - ხოლო უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების შეზღუდვამ კი, მათივე განცხადებით, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლებლობების უთანასწორობა, რაც პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ შეუწყობს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics