18:59 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 18:07:22, 405 ნახვა

პოლიტიკა
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მიკიტა პოტურაევი "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს" "საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად".

"ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. მოქალაქეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გააკეთონ არჩევანი, დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია".

ის წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემის პარალელურად "პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს".

"პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საგამონაკლისო ზომაა, რომლის გამართლება მხოლოდ უმკაცრესი პირობების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა მოგვარდეს დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების მეშვეობით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვით".

ის შეახსენებს, რომ 2026 წლის ივლისში მიღებული ჰააგის დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მკაფიოდ გამოხატა შეშფოთება მსხვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან".





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics