|
2025-03-28 18:25:37, 882 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ჰამასის მხარდაჭერისთვის თურქი სტუდენტი დააკავეს
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტებმა დააკავეს თურქი დოქტორანტი სტუდენტი, რომელიც აშშ-ში ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზთურქის ადვოკატი, მაჰსა ხანბაბაი ავრცელებს. შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს გამოცემა The Associated Press ავრცელებს. AP-სთან საუბრისას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ოზთურქის დაკავება და მისთვის ვიზის ჩამორთმევა დაადასტურა. დეპარტამენტმა გამოცემასთან თქვა, რომ ოზთურქი ჩართული იყო ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის მხარდამჭერ აქტივობებში. "ვიზა პრივილეგიაა და არა უფლება. განდიდება და მხარდაჭერა ტერორისტებისა, რომლებიც ამერიკელებს ხოცავენ, ვიზის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ეს საღი აზრის უსაფრთხოებაა". - თქვა დეპარტამენტმა გამოცემასთან საუბრისას. გასული წლის მარტში ოზთურქმა სამ სხვა სტუდენტთან ერთად ტაფტის უნივერსიტეტის გაზეთში პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აკრიტიკებდა ისრაელთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პოლიტიკას. ოზთურქი აკრიტიკებდა უნივერსიტეტის პასუხს მისი თვითმართველობის სენატის რეზოლუციაზე, რომელიც ტაფტს "პალესტინური გენოციდის აღიარებისკენ", ინვესტიციების გასაჯაროებისკენ და ისრაელთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირების მქონე კომპანიებში ინვესტიციების გაუქმებისკენ მოუწოდებდა. სტუდენტის ადვოკატის ცნობით, ოზთურქმა სახლი დატოვა და მეგობრებთან შეხვედრას აპირებდა, როდესაც ექვსმა პირმა გააჩერა და დააკავა. ხანბაბაიმ აღნიშნა, რომ ოზთურქს ვიზა ჰქონდა, რომელიც აშშ-ში სწავლის საშუალებას აძლევდა. "მისი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. რუმესიას წინააღმდეგ დღემდე არ აღძრულა ბრალდებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ვფლობთ". - თქვა ხანბაბაიმ. ტაფტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სუნილ კუმარმა თქვა, რომ უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტის დაკავებისა და მისთვის ვიზის ჩამორთმევის შესახებ შეიტყო. კუმარს დაკავებული სტუდენტი არ დაუსახელებია, თუმცა უნივერსიტეტის სპიკერმა, პატრიკ კოლინსმა დაადასტურა, რომ ოზთურქი ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის სტუდენტი იყო. მისივე თქმით, შემთხვევამდე რაიმე სახის ინფორმაციას არ ფლობდნენ. "უნივერსიტეტმა ამ შემთხვევის შესახებ წინასწარ არ იცოდა და ამ მოვლენამდე ფედერალური ხელისუფლებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაუზიარებია". - თქვა კუმარმა. ცნობისთვის, 17 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დეპორტაციის მიზნით დააკავა ინდოელი სტუდენტი, ბადარ ხან სური, რომელიც ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა. ტრამპის ადმინისტრაცია მას ჰამასთან კავშირების ქონაში ადანაშაულებს. 19 მარტს სტუდენტის ადვოკატმა თქვა, რომ მას აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. მანამდე, 10 მარტს, მაჰმუდ ხალილი, სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)