|
2024-06-16 13:34:40, 579 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ომი უკრაინაში გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს
ომი უკრაინაში გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე აღნიშნა, "ერთად დგომით მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს". "800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, ის გავლენას ახდენს მთლიანად ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე და იმ ძირეულ იდეალებზე, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის ჩვენი გაგებაა დაფუძნებული. ჩვენ ურყევი უნდა ვიყოთ ამ ქმედებების დაგმობაში და მტკიცენი უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარდაჭერაში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს არის ბრძოლა დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის. სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს. ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ევროპის სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ასევე, ყველა ტერიტორიულ კონფლიქტსა და ოკუპაციაზე, როგორებიცაა საქართველოსა და მოლდოვაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა ევროპის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს. ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს",- განაცხადა ზურაბიშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)