|
2023-04-16 01:55:29, 1660 ნახვა
სხვადასხვა
ქრისტე აღდგა - ძველი ქართული სააღდგომო ტრადიციები
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. .მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.....325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ საქართველოში ცნობილია ძველი სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც დღეს უკვე მივიწყებულია. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა ჭონა, რომელიც თავისი ხასიათით საშობაო ალილოს მიაგავს. მეჭონეები სააღდგომო სიმღერით მიდიოდნენ სოფლის ყველა ოჯახში და დღესასწაულს ულოცავდნენ. ოჯახი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილი სანოვაგით სოფლის მთელი ახალგაზრდობა ერთად აღნიშნავდა აღდგომას. განსხვავებული ტრადიციები არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყაზბეგში, სოფელ სნოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციაც ძალიან ჰგავს ჭონას. აღდგომას ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი, სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცის ხელმძღვანელობით სოფლის ყველა ეზოში შედიოდა აღდგომის მილოცვით. მოსულებს ოჯახის წევრები გამოეგებებოდნენ, დიასახლისს კი შესაწირი გამოჰქონდა. ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ საარდგომო კვერცხებს ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ, თან ხმამაღლა ამბობდნენ, ვის სახელზე იდებოდა კვერცხი. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები ისრებს ესროდნენ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილი შესაწირით საერთო ზეიმი იმართებოდა, ფული კი სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა. სამეგრელო სამეგრელოში აღდგომა დღეს პურის კვერებს აცხობდნენ ყველითა და კვერცხით და განსაკუთრებული ქვევრის - ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა. რაჭა რაჭაში აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ და ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახში მიდიოდა და აკურთხებდა. ვისაც ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახის წევრი, სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის ბარკალს, ლავაშს და სხვა სანოვაგეს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ აღნიშნავდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და დიდი ზეიმი იმართებოდა. გურია გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევისთვის. კახეთი კახეთში სააღდგომოდ ბატკანს და ღორს კლავდნენ. ასევე აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სვანეთი სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავრ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა უფლიშით - კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)