05:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 12:12:07, 1955 ნახვა

მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ირანის სასამართლოს განცხადებით, მაჯედ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს.

სასამართლოს ცნობითვე, ის უშიშროების ძალების ორი წევრის დაჭრისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

გარდა ამისა, როგორც Amnesty International-მა განაცხადა, ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯას მინიმუმ 21 ადამიანისთვის ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული პირველი სიკვდილით დასჯა მოხდა გასულ ხუთშაბათს, როდესაც მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩვეს, რამაც ფართო დაგმობა გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლერლის განცხადებით, „მსოფლიომ არ შეიძლება თვალი დახუჭოს ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საზიზღარ ძალადობაზე“.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს, მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ.

უფლებადამცველი ჯგუფის HRANA-ს ცნობით, არეულობის დროს 18 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ხოლო 488 დაიღუპა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics