|
2022-05-17 11:04:00, 1211 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სწორედ „ნაცმოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები თავისი არსით არიან ანტიევროკავშირი
კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ თავმჯდომე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკავებას. როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, "თავისი არსით, ანტიევროკავშირი". "სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს. ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს. ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ. ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი. სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)