03:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 15:06:57, 505 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ვართ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე–„თანამედროვე აბრეშუმის გზა“ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა დღეს მონაწილეობა  მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. მანვე დისკუსიის მონაწილეებთან საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც საქმე ეხება აბრეშუმის გზას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს, აღსანიშნავია ბევრი საინტერესო ფაქტორი. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად. ჩვენ გვინდა ახალი პორტის, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა. ამ პორტის მშენებლობა მოიცავს შვიდ ფაზას, და არსებობს დიდი დაინტერესება ჩინური კომპანიების მხრიდან, რომელთაც სურთ ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით: გზების მშენებლობა, ხიდების აგება და ასე შემდეგ. ლაპარაკია საქართველოში რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიციებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალ ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, არსებობს დიდი დაინტერესება როგორც ამერიკული, ისე ჩინური კომპანიების მხრიდან.

პრემიერ–მინისტრი  მიიჩნევს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.

„მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა ცხრა დღეში. ეს იყო პირველი საცდელი მატარებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტრანსპორტირების დრო შემცირდება, ასევე 7 000 კილომეტრით შემცირდება დისტანცია. ანუ, აქ ლაპარაკია ფულის დაზოგვაზე, დროის დაზოგვაზე. ასე რომ, ვთვლი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან და, ზოგადად, აკავშირებს აზიასა და ევროპას ამ უმოკლესი მარშრუტის მეშვეობით. ვთვლი, რომ ამ პროექტში საქართველოს შეუძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება", –განმარტა პრემიერმა.

დისკუსიის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია,  ქვეყანა მშვიდობის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის ცენტრად იქცეს, რაც საქართველოს ისტორიული მისია.

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიას–„თანამედროვე აბრეშუმის გზა“ მოდერატორობას BBC News-ის დირექტორი ჯეიმს ჰარდინგი უწევდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics