|
2020-07-04 10:35:55, 4042 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და აშშ სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან - გიორგი გახარიამ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. პრემიერის განცხადებით, სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ მხარში უდგას საქართველოს. ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ამ ბრძოლიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ, როგორც სახელმწიფოები, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. „ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერი მადლობას უხდის აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანს და საელჩოს მთელს გუნდს ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის. „წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)