11:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 21:14:40, 2315 ნახვა

სამართალი
მორწმუნეთა სარჩელი ID ბარათების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური რწმენიდან გამომდინარე პირადობების წესის შეცვლის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ნორმები „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებით კონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა იმ საკითხების ირგვლივ, როდესაც ცალკეული მოქალაქე რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვისას, სხვა მნიშვნელოვან არგუმენტებთან ერთად, დაეყრდნო წმიდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, გაითვალისწინა, რომ სახელმწიფოს მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ: სახელმწიფო დაინტერესებულია, გაიცემოდეს პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან. სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის გეგმის ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებობა არ იქნა შეფასებული აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვად, გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არსებული რეალობის შესახებ და მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი რეაგირება და მოქალაქეებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოიძებნოს გამოსავალი. სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის“. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანია მიჩნეული, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც,  ნორმის ამოქმედების შედეგად,  ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩნენ, რადგან ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი მათ არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღებისა და მფარველობის უფლებას. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში რჩება საკითხი, დაუშვებს თუ არა იგი გაყალბებისაგან მაღალი ხარისხით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე პირთა მონაწილეობას იმგვარ ურთიერთობებში, რომლებიც საჯარო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მთელი საზოგადოების ინტერესებს (როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება) ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება და არა ამ პირთა მხოლოდ ყოველდღიური სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა სასამართლომ.

შეგახსენებთ, რომ სარჩელის ავტორები იყვნენ ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი, რომლებიც რელიგიური რწმენიდან გამომდინარე უარს აცხადებდნენ  პირადობის ელექტრონული მოწმობით სარგებლობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics