14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:26:41, 347 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სათანადო შეფასება მისცენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარეობს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები "Град-М", "Ураган", "Смерч", 152 და 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები "Мста-С" და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Нона" და სხვა სამხედრო სისტემები. წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.

სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ,  2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics