სახალხო დამცველი: "რუსთავი 2"-ს საქმეზე მიღებული განჩინება სტანდარტებს არ პასუხობს
სახალხო დამცველმა სახალხო დამცველმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–სა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება შეისწავლა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს სრულად არ პასუხობს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას.
„განჩინების მიხედვით, სასამართლომ ყადაღა დაადო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების წილებს; ყადაღა დაადო ტელეკომპანიის კუთვნილ თბილისში მდებარე ფართისა და მიწის ნაკვეთებს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით; ტელეკომპანიას აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების და ა.შ. გასხვისება/გაქირავება და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა; ტელეკომპანიას და მის პარტნიორებს აეკრძალათ კომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, გენერალური სავაჭრო მინდობილობის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, პარტნიორებისა და დირექტორებისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით; კომპანიის დირექტორებისათვის ქონების განკარგვა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვა წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მისიას. შეუძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს პრეტენზია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ფასეულობებზე და იმავდროულად მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ იყოს.
საკუთრების უფლების დაცვის უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის 21-ე მუხლი აღიარებს და იცავს საკუთრებას. კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებები და მოქმედებები. მიუხედავად საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მისი შეზღუდვა შესაძლებელია კანონით დადგენილ შემთხვევებსა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა განსაზღვრულია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით.
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რაც უპირველესად ასევე კონსტიტუციის გარანტირებული უფლებაა.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის განხილვისას ერთმანეთს უპირისპირდება დავის აღმძვრელი მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სარგებელი არ დარჩეს მიუღებელი), მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მიმდინარეობისას არ შეეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება იმაზე მეტი მოცულობით, რაც აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად) და სამართლიანი სასამართლოს უფლება (რომ საქმე განხილული იყოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებით და სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით დაცული უფლებების რეალიზებას).
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთდროულად რამდენიმე ზომის გამოყენების აუცილებლობა. დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას. შესაძლოა შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება, ტექნიკური ინვენტარის შეძენა ან შეცვლა, კომპანიის წინაშე ვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება და სხვა. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა შემაფერხებელი იყოს სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებისათვის და შესაბამისად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედია თავისუფლებისათვის, იმდენად რამდენადაც სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.
აღნიშნული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო დავის დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვის პირობებში სანიმუშოდ გამჭვირვალედ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების მაღალი სტანდარტის დაცვით წარმართვა.
საქართველოს სახალხო დამცველი კვლავაც გააგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში შესწავლას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან