|
2020-03-18 19:00:39, 1240 ნახვა
კომენტარი
,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი - საბანკო სექტორის შემოთავაზებები, გამოწვევების შესაბამისი არაა
,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, გახტან მჭედლიძე ეკონომიკური სტიმულირების გეგმას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. ვახტანგ მჭედლიძე განმარტავს, რომ ეს შემოთავაზებები არაა გამოწვევების ბოლომდე ადეკვატური და კორექტირებას საჭიროებს. „COVID-19 - ის ვირუსის გავრცელების არეალი, მასშტაბები და სისწრაფე უმძიმეს დარტყმას აყენებს მსოფლიოს და ყველა სფეროს თუ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში. ფაქტია, რომ ვართ მომსწრე სამყაროს დროებით ანუ ვირუსის დამარცხებამდე გაჩერების პროცესისა. ვირუსის დამარცხება აუცილებლად მოხდება, თუმცა, განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ არც ჩვენ და არც არავინ იცის დრო თუ ვადები, ანუ, არ არსებობს განსაზღვრული ან მიახლოებული თარიღი ჩვეულ რიტმში ცხოვრების დაბრუნებისა. შექმნილი ვითარება გვავალდებულებს, ინდივიდუალურად და ინსტიტუციურად ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, ერთმანეთს შეძლებისდაგვარად დავუჭიროთ მხარი და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ, არასტანდარტულია და მეორე მხრივ მათი მიღება აუცილებელია. ეს პრინციპი ეხება ყველას - სახელმწიფო და კერძო სექტორებს; ინდივიდებს; სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებათა მიმღებებს. ჩვენს შემთხვევაში, ეს პრინციპი ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, კერძო სექტორსაც და, მათ შორის, კომერციულ ბანკებსაც, რომლებმაც უნდა გაიაზრონ, რომ სამყარო და საქართველო, რეალურად, ფორსმაჟორულ ვითარებაშია დამოუკიდებლად იმისა, მოხდარია თუ არა ხსენებული ფორსმაჟორული ვითარების ფორმალიზება. გასააზრებელია, რომ სამყარო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო ვიდრე COVID - 19 - ის გავრცელებამდე. მისასალმებელია, რომ საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს უპეცენდენტო გადაწყვეტილებები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი წინადადებები, გამოწვევებთან მიმართებაში, მაინც არასრულყოფილია, კერძოდ: მათ მსესხებლებს შესთავაზეს ორი სახის შეღავათი: 1. სამთვიან საშეღავათო პერიოდი - რომლის დროსაც სესხის კონტრაქტის არსებული ვადა იზრდება 3 თვით და საშეღავათო პერიოდში დაგროვილი პროცენტი გადანაწილდება დარჩენილ პერიოდზე. ეს წინადადება გამოიწვევს ყოველთვიური შენატანების ზრდას დარჩენილ პერიოდზე გადანაწილებული პროცენტის ოდენობით. 2. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი - რომლის დროსაც მსესხებლის მიერ ყოველთვიური შენატანები თითქოს არ გაიზრდება, თუმცა, რეალურად სესხის კონტრაქტის ვადა აუცილებლად გაიზრდება 3 თვეზე მეტი ვადით და მოხდება მსესხებლის მიერ ყოველთვიურ შენატანებში სესხის ძირითადი თანხის ნაწილის საშეღავათო პერიოდში დაგროვილი პროცენტით ჩანაცვლება. ეს შემოთავაზებები არაა გამოწვევების ბოლომდე ადეკვატური. ბანკებმა უნდა გაიაზრონ ვითარების სიმძიმე მით უფრო ლარის კატასტროფული დევალვაციის გათვალისწინებით როგორც ძლიერმა ინსტიტუტებმა მეტად უნდა აიღონ დარტყმის სიმძიმე, როგორც ამას აკეთებს ყველა - სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია მოხდინოს ბიუჯეტის კორექტირება და ხარჯის დიდი ნაწილი მიმართოს ჯანდაცვაში; კერძო სექტორი, რომელიც ბუნებრივად ზარალდება ბიზნესების გაჩერების გამო და ა.შ. ამიტომ, ჩემი აზრით, საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხები, როგორც ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, უნდა დაემატოს სესხის პერიოდს ბოლო 3 თვეში და ისე, რომ არ გადანაწილდეს დარჩენილ პერიოდზე, როგორც ეს წინა ორ შემთხვევაში ხდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, საშეღავათო პერიოდის გადახდები უბრალოდ დამატებულ 3 თვეში გადავიდეს ყოველგვარი ზრდის გარეშე. არსებობს მეორე ვარიანტიც - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას და კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრულ წესებს და მისცეს მათ სესხების დარჩენილი ვადების უფრო სერიოზული კორექტირების უფლება ან ინდივიდუალურად, ან ავტომატურად. მაგალითად, თუ მსესხებელს დარჩენილი აქვს 100 თვე, მოხდეს რისკების გადაანგარიშება და ვადა გაიზარდოს 120-130 თვემდე, რაც შეამცირებს ყოველთვიური შენატანის ოდენობას და შეღავათი იქნება მსესხებლებისათვის მით უფრო არაპროგნოზირებადი ეკონომიკისა და ლარის დევალვაციის გათვალისწინებით. ამ უკანასკნელ ნაბიჯს კომერციული ბანკები ვერ გადადგამენ სებ-ის ახალი პოლიტიკის გარეშე. ღრმად მწამს, რომ ამ ან სხვა ნაბიჯების გადადგმის გარეშე, არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, მთლიანად ჩამოიქცევა ბევრი და, მათ შორის, საბანკო სფეროც, რომელსაც ყოველდღიურად ეყოლება მეტი და მეტი ვალდებულებების ვერშემსრულებელი მომხმარებელი“, - აცხადებს ვახტანგ მჭედლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)