ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე
"ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე ხოლო ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა" - ამის შესახებ, იტალიელი სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ჯუზეპე პაზოტო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მან ასევე ისაუბრა ზიარებისას გასათვალისწინებელ წესებზე. მან აღნიშნა, რომ ყველა უნდა იცავდეს ჰიგიენას წირვასა თუ ზიარების დროს.
"ძვირფასო მოძღვარნო, ბერ-მონაზონნო და მორწმუნენო, დღეები, რომლებიც გვიდგას სამართლიანად გვაშფოთებს. ასევე საქართველოშიც კორონავირუსის მზარდი გავრცელება მოითხოვს ჩვენგან სერიოზულ მიდგომასა და დიდ ყურადღებას. თავდაპირველად გვახსენდება ის ხალხი, ვისაც შეეყარა ეს ვირუსი და ისინი, ვინც დიდი სულგრძელობით ირჯებიან მათ მოვლაში, ასევე ისინიც, ვინც სერიოზულობითა და კომპეტენტურობით იღწვიან სენის გავრცელების შესაჩერებლად.
შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ შეშინებულნი: განგვამტკიცებს იმისი მტკიცე რწმენა, რომ ღვთიური განგება არასოდეს მიგვატოვებს: ‘მე თქვენთანა ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე’ - აღგვითქვა უფალმა. მაშ, ნურავის წავართმევინებთ რწმენიდან მომდინარე იმედს.
გვმართებს აგრეთვე ვიფხიზლოთ, რათა ადგილი არ მივცეთ ისეთ განგაშს, რომელიც მცდარი აზრებიდან და არასწორი ინფორმაციიდან მომდინარეობს. ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ყური დავუგდოთ და დავუჯეროთ კომპეტენტური და საქმეში გარკვეული ადამიანების შეფასებებს. ამგვარ მომენტებში უკეთ ვგებულობთ, თუ რას ნიშნავს, რომ ყველანი ერთად ვართ მოქალაქენი, გარდა იმისა, რომ ვართ ერთი კაცობრიობის წევრნი. აუცილებლად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, გვჭირდება ერთმანეთის დახმარება.
საზოგადოებრივი გვერდითდგომის ამ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენთვის იღებს სათავეს უშუალოდ რწმენიდან, მწადია რომ ყველა ჩვენგანმა გაიზიაროს ზოგიერთი მითითებანი, რამაც შესაძლოა მოითხოვოს ჩვენგან მსხვერპლის გაღება, მაგრამ წარმოადგენს სიყვარულისა და ყურადღების ნიშანს საკუთარი თავის მიმართ და კიდევ უფრო იმათ მიმართ, ვინც შესაძლოა ჩვენზე უძლურია. გარდა ყოველივე იმისა, რაც დაგვავალა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, გატყობინებთ, რომ ამ პანდემიის პერიოდში
1- ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ასევე ნაკურთხი წყალი სასმელად;
2- მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;
3- წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება (იხ. დანართი).
4- თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.
5- თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა, მისამართზე: www.youtube.com/ The Media of the Catholic Church in Georgia 12.00სთ-ზე)
6- ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.
7- ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები.
8- ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში)
მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის.
დაე, უფალმა გაგვაგებინოს ამ ძალისხმევათა საშუალებით, რომ მყიფენი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერებად მოგვაქვს ხოლმე თავი. დაკავშირებულნი ვართ ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ გვირჩევნია ხოლმე ფონს გასვლა ჩვენით. ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ვითხოვოთ ღვთის კურთხევა მარიამ ღვთისმშობლის, მთავარანგელოზ რაფაელის, წმიდა გიორგისა და წმიდა ნინოს შუამდგომლობით.
გისურვებთ წარმატებულ დიდმარხვას
+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო
ეპისკოპოსის დეკრეტზე კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წლის 16 მარტი", - ნათქვამია მეუფე ჯუზეპე პაზოტოს განცხადებაში.
მან ასევე ისაუბრა, იმაზე თუ როგორ უნდა მივიღოთ ზიარება ხელის გულზე.
"მორწმუნემ გაუწოდოს მღვდელს ორივე ხელი. მარცხენა ხელი დევს მარჯვენაზე და მოწმუნე მოწიწებითა და სიყვარულით ღებულობს ქრისტეს ხორცს და პასუხობს: ‘ამენ’, ოდნავი თავის დაკვრით.
შემდეგ მღვდლის წინაშე, ან ოდნავ გვერდზე გამდგარი, რათა შემდგომ მორწმუნეს დაუთმოს გზა, იღებს ნაკურთხ პურს მარჯვენა ხელის თითებით და ჭამს. თითოეული გაფრთხილდეს, რომ არ დაუვარდეს მცირე ნაწილიც კი. ყველას სუფთა უნდა ჰქონდეს ხელები და სადად და ლამაზად იმოქმედოს ამ დროს, რაც იქნება ევქარისტიისადმი მათი რწმენისა და შინაგანი მოწიწების გამოხატულება.
მორწმუნეთათვის ახსნისას შეგიძლიათ წაუკითხოთ მათ წმ. კირილე იერუსალიმელის (315-386წწ.) სიტყვები და თქვენი განმარტებაც დაურთოთ:
„როდესაც მოდიხარ (ზიარებისათვის), ნუ გამოიწვდი გაშლილ და თითებგაფარჩხულ ხელებს, არამედ მარცხენა ხელი ტახტად შეუდგი მარჯვენას, რაკი ამაზე უნდა დაბრძანდეს დიადი მეფე, ხელისგულზე მიიღე ხორცი ქრისტესი და უპასუხე ‘ამენ’. წმიდაყავ თვალნი შენნი წმიდა ხორცის მზერით, შემდეგ მიიტანე ის ბაგესთან და გაფრთხილდი, არა დაკარგო რა მიღებული ძღვენისა. რაიმე ნაწილის დაკარგვა იქნებოდა შენი სხეულის ერთი ნაწილის დაკარგვის ტოლფასი. ოქროს ნაფხვენი რომ მოეცათ შენთვის, განა დიდი მონდომებით არ მოაგროვებდი, რომ ერთი ნამცეციც არ დაგკარგვნოდა? განა უფრო მეტ ყურადღებას არ გამოიჩენ იმის მიმართ, რაც ოქროზე და თვალმარგალიტზე გაცილებით უფრო ძვირფასია?", - ნათქვამია მეუფეს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,