|
2020-03-12 11:31:28, 1524 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს
კორონავირუსის გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შექმნილია საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რეკომენდაციების მიღება და კონკრეტული დავალებების შესრულება. მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აცნობა, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სათანადო ღონისძიებები გაატაროს დედაქალაქის მერიამაც. პირველ ეტაპზე, მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. ასევე, მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა, დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება. სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ. ასეთებია: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ამ კუთხით, მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვისცენტრში. ამასთან, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას. დასასრულს აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა, გაატაროს დამატებითი ღონისძიებები. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგან დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს ამ გამოწვევის ღირსეულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)