|
2020-03-06 15:59:08, 1342 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წევრები, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ, სადაც საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოწვევა და რამდენიმე მიზანი, რომლსაც სამინისტრო ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ძალიან კარგად ასრულებს. ეს მიზნები იყო, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით უკვე ინფექციის შემოსვლას. ამ ეტაპისთვის საკმარისად მზად ვართ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას, არის ეს საკარანტინე ადგილები თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. კიდევ ერთი მიზანი იყო, რომ საზღვართან მაქსიმალურად ახლოს მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა, რაც მთავრობის კოორდინირებული მუშაობით მიღწეულია. გავატარეთ და ტარდება შესაბამისი ზომები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გადაცემა უკვე ქვეყნის შიგნით და ამ პირობასაც ძალიან კარგად ვართმევთ თავს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ეპიდემიის რისკი საკმაოდ დაბალია. ეკატერინე ტიკარაძემ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზეც გააკეთა აქცენტი. „იტალიაში ძალიან ბევრი ქართველი მოქალაქეა, რომელთა მიმართაც ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ისე, როგორც ქვეყნის შიგნით მყოფ ქართველ მოქალაქეებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ გახსნა. მისი თქმით, კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს. „კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ მთელ პროცესს, ვირუსი უკვე 87 ქვეყანაში დაფიქსირდა, აქედან ევროპის 38 ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ვითარება იტალიაში, ირანში და კორეაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. მივაწოდეთ ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, გავაცანით რა ზომებია მიღებული საქართველოში და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. არსებობს ვირუსის გავრცელების რამდენიმე სცენარი, ერთი როდესაც სხვა ქვეყნებიდან შემოსულ პირებს უდასტურდებათ ვირუსი, მეორე კი როდესაც ქვეყნის შიგნით ხდება დაავადების გავრცელება. ყველა სცენარისთვის არსებობს სპეციალური ზომები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და სხვა ტიპის შეზღუდვებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)