10:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:58:58, 1932 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივა“ ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდთან“  ერთად ანგარიში მოამზადა, რომელშიც საუბარია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომელთა მიხედვითაც კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ხშირად ხელისუფლება მწვავე პროტესტის განეიტრალებას არაპროპორციული ძალით ცდილობს.

„2020 წლის 31 იანვარს GDI-მ  ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი “სამართალწარმოება გამოხატვის თავისუფლებისთვის” ფარგლებში.

ანგარიში მიზნად ისახავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის სისტემატიზირებულ ანალიზს. მასში ასევე მოცემულია GDI-ს მიერ  წარმოებული საქმეები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ასევე რეგიონალურ და ეროვნულ სასამართლოებში. ანგარიშში იდენტიფიცირებულია  ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვის პრაქტიკული მაგალითები და ტენდენცია:

2019 წლის 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის და დაკავებების, 2019 წლის 18  და 26 ნოემბრის აქციების დაშლის და დაკავებების, ასევე 2019 წლის 30-31 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების აშლის და ადმინისტრაციული დაკავებების ანალიზი  ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებენ მანიფესტანტთა ქმედებებზე. სამართალდამცავები განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ გამოირჩევიან. მსგავსი მიდგომა კი ცხადყოფს, რომ სამართალდამცავთა ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება. ხაზგასასმელია ძალოვანი სტრუქტურების მიერ მანიფესტანტთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხიც. მსგავს ტენდენციაზე მოწმობს სასამართლო პრაქტიკაც, რაც გამოიხატება შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის პროცესში დაკავებული პირებისადმი განსაკუთრებით მძიმე სანქციების დაკისრებაში, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

“ღირსების მარშის”, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არაჯეროვნად  ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას და არ იღებს ადეკვატურ ზომებს პირთა მიერ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად - მესამე პირების მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის აღსაკვეთად. საბოლოო ჯამში კი ძალადობრივი და ულტრანაციონალური ჯგუფების მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე არაადეკვატური რეაგირება გაუმართლებელ ტვირთად აწვება უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლებას, აფერხებს ტოლერანტული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

სავალალოა ხელისუფლების პოლიტიკა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ. ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთელის სისხლისსამართლებრივი დევნის, ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვების, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტვ კავკასია, ტვ პირველის მიმართ წარმოებული შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით პირდაპირი იერიში მიაქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში  სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს ტელემაუწყებლების ხელმძღვანელი პირების მიმართებით. მოვლენათა სისტემური და კონტექსტუალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი ქმედებები მიემართება მმართველი წრეებისადმი კრიტიკულად განმსჭვალული აზრის  ჩახშობას, იდეათა ბაზრის ხელოვნურ ფორმირებას და, პოლიტიკური გავლენის სფეროების განმტკიცებას ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები მიუთითებს მის ხელისუფლებასთან თანმხვედრ, ორკესტრირებულ ქცევაზე შეასრულოს მედიაცენზორის როლი და შეზღუდოს მედიის თავისუფლება მაშინაც კი, როდესაც ეს მისი  კომპეტენციის ფარგლებსა და კონსტიტუციურ სტანდარტებს მიღმაა.

„ფადი ასლის, ზვიად კუპრავას საქმეები ცხადყობს, რომ მნიშვნელოვნად პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლო ავტორიტეტის უზრუნველყოფას შორის ბალანსის დაცვის საკითხიც. ხშირ შემთხვევაში პირის მიერ შეფასებით კატეგორიაში გაცხადებული აზრი სასამართლოს მიერ კვალიფიცირდება, როგორც ცილისწამება ხოლო საჯარო დისკუსიის ფარგლებში სასამართლო ხელისუფლების შესახებ პოზიციის დაფიქსირება, სასამართლო ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და გამოიყენება სისხლისსამართლებრივი მექანიზმები“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ შეშფოთებას გამოთქვამს მმართველ წრეებში გამოვლენილი იმ ტენდენციაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებას უკავშირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება უნდა განხორციელდეს თვალსაზრისობრივი ნეიტრალობის პრინციპის დაცვით, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება ეთიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა და პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებაში გაბატონებული ღირებულებითი სისტემების თუ შეხედულებების დაცვის მოტივით. ხელისუფლების მცდელობა ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით შეამციროს და დამატებით სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რეალურად უნდა განიხილებოდეს, როგორც სწორედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის ბერკეტების განმტკიცების მცდელობა.

ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics