16:12 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 17:45:28, 1738 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის დიდი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში

„ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში“, - ასე მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

 როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროპაში არა ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

„მოგესალმებით, ყველას - ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს! შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ! მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე,  ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით! დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა!

რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?! ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით.

საქართველო - ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. საქართველო ხომ ღვინის და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა  ცივილიზაციამ, საბერძნეთმა - “გეორგია”, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან.

ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

აქ, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია. შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა სამწუხაროდ მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად  აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების  შენარჩუნება. და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი - “სიტყვის კონით” კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში. მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება. სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი - ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც  თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩვენი სამშობლო - ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც - ქვევრი ღვინისგან, - ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ. საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა! მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია - ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში! მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია.  დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა - ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად.

იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე  მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს; იყო ქართველი - ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას; ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს. რადგან საქართველო  უკვდავია! უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics