05:37 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 14:41:32, 1072 ნახვა

საზოგადოება
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი მთავრობას მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მიანიშნებე.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებასა და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

შეხვედრაზე პაციენტებმა და ექიმებმა  არსებული პრობლემები შეაჯამეს, ისაუბრეს დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია, რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იყვნენ  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა არ მოვიდნენ.

დასწრება თავისუფალი გახლდათ. შეხვედრაზე მისულ  დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ და წამყვანი სპეციალისტებისთვის კითხვები დაესვათ.

რთულია, როცა შენს სახელმწიფოში შენს მთავრობას შენი მოქალაქის არ ესმის. გაზაფხულზე დაპირება მივიღეთ, თითქოსდა გაფანტული სკლეროზის მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა გველის. უფრო მეტიც, 2020 წლის მდგომარეობაც ბუნდოვანია. პასუხსაც არ გვცემენ.  ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ხელისუფლების უყურადღებობამ შესაძლოა, ეს ყველაფერი წაგვართვას და ინვალიდის ეტლს მიგვაჯაჭვოს. შესაბამისად, სახელმწიფოს ინვალიდის შენახვა და მასზე ზრუნვა გაცილებით ძვირი დაუჯდეს, გარდა ამისა ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვჭირდებით აქტიურები და ჩვენს უკან მცირეწლოვანი ბავშვები არიან“, - აღნიშნავს მარიკა ქაჯაია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ებრძვის დაავადებას, ზოგჯერ იმარჯვებს ზოგჯერ ნებდება. დღეს ის აქტიური ადამიანია, მარკეტინგის სპეციალისტია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მისი თანადგომა სჭირდება.

„გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს ძირითადად 20-40 წლის ასაკში და კიდევ უფრო ადრეც ემართებათ. შესაბამისად, ამ დროს პაციენტები გონებრივად, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად აქტიურები არიან და სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ მკურნალობა. დამტკიცებულია, რომ ადეკვატური მედიკამენტოზური და თერაპიული კურსებით დაავადების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია სრულად განკურნება. იმედი გვაქვს, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს ამ ადამიანებისთვის და დააფინანსებს მათ მკურნალობა-რეაბილიტაციას“, - განმარტავს ექიმი ნევროლოგი მარინა ჯანელიძე.

„ჩვენ, პაციენტები, რას ვგრძნობთ და რას განვიცდით: ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ან თავის ტკივილი და თუნდაც თავბრუსხვევა, ეს ენით აუწერელი განცდაა, მჯერა, სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაფიქრდება და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავენ პაციენტები.

„მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. ამისთვის ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება გვჭირდება, აუცილებელია, მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს და ინვალიდობამდე არ მივიდეს“, - აღნიშნავს პაციენტი მაიკო მგელაძე.

შეგახსენებთ, რომ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“. კამპანიის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 

 

(NS)
 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics