20:30 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 10:57:10, 927 ნახვა

საზოგადოება
სასამართლო განმარტავს რატომ გათავისუფლდა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ

თბილისის საქალაქო სასამართლო 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას საფუძვლად დაედო ორი ახალი გარემოება. 

"27 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განხილვის სხდომაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლ.ი. -ს მიმართ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს 5 000 ( ხუთი ათასი) ლარის ნაცვლად, ბრალდებულ ლ.ი.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა - გირაოთი 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ლ.ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მასვე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).

ლ.ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის გამთენიისას, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიების განხორციელებისას, ბრალდებულმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს ორჯერ სახესა და თავში ჩაარტყა, როდესაც არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა.

სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას საფუძვლად დაედო ორი ახალი გარემოება, კერძოდ: ბრალდებულის მიერ ღია სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდების სრულად აღიარება და ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ბრალდების სრულად აღიარების პირობებში, მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, როგორც ეს პატიმრობის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ლ.ი. თავს არ ცნობდა დამნაშავედ. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ლ.ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაც, კერძოდ, კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, ლ. ი. ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკის პირობებში გაღრმავებული გამოკვლევები, კვალიფიციური მულტიპროფილური საექიმო მეთვალყურეობა და ადეკვატური მკურნალობა, იზოლაციაში (პენიტენციურ დაწესებულებაში) ყოფნა კი ნეგატიურად იმოქმედებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განგრძობად პატიმრობაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ შეაფასა სს საქმის მახასიათებელი გარემოებები და მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის შემცირებული საფრთხისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღარ არსებობს რელევანტური და საკმარისი გარემოებები პირის პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად და ლ. ი.-ის მიმართ ყველაზე მკაცრი ა/ღონისძიების პატიმრობის გაგრძელება აღარ შეესაბამება ევროკონვენციის მიზნებს.

სს საქმეზე მომდევნო სხდომა 2019 წლის 17ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics