15:49 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 10:05:51, 833 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი კონკრეტული პირების შეწყალებაზე საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას უერთდება და პრეზიდენტს მიმართავს

სახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას უერთდება და პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

„აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე.  თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ,  რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას,  მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics