|
2019-09-13 12:58:46, 1159 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ბრიტანული სეზონი 2019“ ოფიციალურად გაიხსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასთინ მაქენზი სმითთან ერთად, „ბრიტანული სეზონი 2019“ საზეიმოდ გახსნა. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოში ბრიტანული სეზონის გამართვა ხელს შეუწყობს ბრიტანეთის კულტურისა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებას. „ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი ბრიტანულ სეზონს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა, ბოლო წლებში, კიდევ უფრო გაღრმავდა და მეგობრული გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის, რომ იგი ქართულად თავისუფლად საუბრობს. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ მას აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კულტურის მიმართ. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ეს დღეები იმართება. ჩვენ გამოვყავით სხვადასხვა ადგილი, სადაც ანალოგიური სტენდები განთავსდება და ისინი დაინტერესებულ პირებს ბრიტანეთის კულტურაზე, განათლებაზე, სიახლეებზე მოუყვებიან. ასევე, იმოქმედებს მოძრავი საელჩო, რომელიც დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც ჩავა, ჩვენს მოსახლეობას გააცნობს ბრიტანეთის კულტურას და მიაწვდის ინფორმაციას იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს ბრიტანული სეზონის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. „პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას და პირადად თბილისის მერს, კახა კალაძეს თანადგომისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლამაზია მეტროსადგური „რუსთაველი“. სწორედ ამიტომაც, სამი თვით აქ განვათავსებთ ბრიტანულ გალერეას, რომელიც ბრიტანულ ელფერს შესძენს ამ სადგურს. ამასთან, ავტობუსებზეც განთავსდება ბრიტანული ხედების ამსახველი ბანერები. ეს არის საქართველოში 2019 წლის ბრიტანული სეზონის შესანიშნავი დასაწყისი“, - განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა. „ბრიტანეთი/საქართველო 2019“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი, 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი, სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება. სეზონის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ბრიტანეთი თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. ბრიტანული სეზონი მოიცავს ფესტივალებს, კონფერენციებს, კინოპროგრამას, ვორქშოფებსა და მასტერკლასებს, ასევე, დისკუსიებსა და ლექციებს მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. პროგრამა წარმოდგენილი იქნება როგორც ბრინატეთის საელჩოს, ასევე, ბრიტანეთის საბჭოს მიერ.
(NS)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)