|
2015-07-08 13:19:51, 1709 ნახვა
საზოგადოება
1 აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის ეტიკეტებზე ტერმინები „მსგავსი“ და „მაგვარი“ გაჩნდება
1 აგვისტოდან რძისა და რძის პროდუქციის გარკვეული ნაწილის ეტიკეტებზე ტერმინები „მსგავსი“ და „მაგვარი“ გაჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ნატურალური რძისგან არაა დამზადებული, ბიზნესოპერატორს წარწერის დატანა - მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და ა.შ. აღარ შეეძლება. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა დაერქვას პროდუქტს ეს დასახელებები. რძის ფხვილის ან მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში მაგალითად, დასახელება „არაჟნის მსგავსი“ გამოიყენოს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რეგულაციის მთავარი მიზანი მომხმარებლების ინფორმირება და მათი უფლებების დაცვაა. მისი თქმით, ამ პროცესში ბიზნესსექტორიც იყო ჩართული და მეწარმეებმა ერთი წლის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რა მიმართულებით გააგრძელებენ ოპერირებას. „კონსულტაციები იყო ბიზნესსექტორთან და ბიზნესსექტორი იყო მონაწილე ამ პროცესისა. რა თქმა უნდა, ბიზნესს ყოველთვის ურჩევნია, გადავადდეს და გვიან შემოვიდეს ნებისმიერი სახის რეგულაცია. თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სეზონიდან გამომდინარე, კარგი პერიოდია აგვისტოს დასაწყისი. ასევე, მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ მოეხდინათ ადაპტირება. ჩვენ პირველ რიგში, მომხმარებელს ვუქმნით პირობას, რომ თვითონ სწორად აარჩიოს და იცოდეს, რას ირჩევს, როდესაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტს მაღაზიაში. აქ საუბარია ეტიკეტირების მეთოდის გაუმჯობესებაზე, დარწმუნებული ვარ, აქამდე არავინ აქცევდა ყურადღებას თუ რა წერია, რითია დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი - არის ნედლი რძით თუ რძის ფხვნილით, არის მცენარეული თუ ცხოველური ცხიმის შემცველობით და ა.შ. მომხმარებელს უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით პროდუქტთან დაკავშირებით. რეგლამენტით ჩვენ არ ვკრძალავთ რძის ფხვნილს, მაგრამ არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც უნდა იყოს დამზადებული ნედლი რძისგან და აქვს თავისი კონკრეტული აღწერილობა. ეს გაწერილია რეგლამენტით და თუ ეს პირობები არაა დაცული, ამ პროდუქტის სახელს, რა თქმა უნდა, ვერ დააწერენ. დათმობაზე წავედით და ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ ერთი წლის ვადაში გამოიყენონ „მსგავსი“ და „მაგვარი“ ტერმინები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემთ, პირობითად, „არაჟნის მსგავსი“ დააწერონ პროდუქტს და მიახვედრონ მომხმარებელი, თუ რა პროდუქტზეა საუბარი. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა იქნება მათი საბოლოო მოცემულობა. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის ზღვარი, რაც შეიძლება იყოს მავნე. მათ შორის საუბარია მცენარეულ ცხიმზე, რომლის სერიოზულ კონტროლს ვაპირებთ ისეთ დაწესებულებებში, როგორიც არის სკოლები, ბაღები და ეს არის თანამიმდევრული პოლიტიკის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს თანხვედრაშია ევრორეგულაციებთან, მაგრამ ეს გვჭირდება პირველ რიგში ჩვენ. უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ, უნდა გვქონდეს არჩევანის შესაძლებლობა და ინფორმაცია. თუ ბიზნესს სურს დამატებით გადაირაღება, გადაწყობა, ჩვენ გვაქვს თანადაფინანსების კომპონენტები და შეუძლიათ ისარგებლონ ამ კომპონენტებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. რაც შეეხება, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბაზარზე ნატურალური რძის დეფიციტის გაჩენის შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ამის საფრთხე არ არსებობს. ამასთან, დანელიას განცხადებით, რეგლამენტით გათვალისწინებულმა ცვლილებებმა რძის ნაწარმზე ფასის ზრდა არ უნდა გამოიწვიოს. „ეს მოთხონა-მიწოდების საგანია. რეალურად არის ორივე ტიპის შემთხვევა - როდესაც ვერ ყიდის პიროვნება და არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ვერ შოულობს საწარმო. ეს დარეგულირდება და იმიტომ რომ ეს არის რეგიონის და სეზონურობის სისტემა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რძის მოცულობაა ქვეყნაში და ამ ეტაპზე არანაირ პრობლემას ბაზრის დაკმაყოფილების კუთხით ვერ ვხედავთ. ფასის გაზრდა თუ მოხდება, ეს იქნება მხოლოდ სპეკულაციით გამოწვეული, რადგან ჩვენ არ ვუკრძალავთ რაიმეს, ჩვენ ვეუბნებით უბრალოდ რომ დააწერონ ის, რაც არის. არანაირი აკრძალვა არაა, როდესაც აწერ მაწონს, უნდა იყოს მაწონი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ ძალაში 1 აგვისტოდან შევა. რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების მომზადების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აქვს აღებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)