03:52 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 19:05:14, 1196 ნახვა

საზოგადოება
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში"  - პროექტის ფარგლებში  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ გახსნა.  მან  პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„უკვე 14 წელია, რაც საჯარო რეესტრი შვედეთის კოლეგა უწყებასთან - ლანტმატერიეტთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობამ უზრუნველყო ის, რომ საჯარო რეესტრი დღეს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია. რეესტრის გამოცდილებას ეცნობიან და იზიარებენ სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციები. შეიძლება ითქვას,  სააგენტოს ამ მიღწევებში განსაკუთრებული როლი შეასრულა  შვედეთის მთავრობის დახმარებით განხორციელებულმა პროექტმა. ამ პროექტმა მოგვცა საშუალება, საჯარო რეესტრი განვითარებულიყო ზუსტად იმ  მიმართულებით, რომელსაც  ითვალისწინებს ევროკავშირის მოთხოვნები და ზოგადად, ქვეყნის უკეთესი მომავალი", – აღნიშნა ივანე ცარციძემ.

ღონისძიების ფარგლებში პროექტის სამუშაო კომპონენტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებითაც  აუდიტორიას პროქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მიღწეული შედეგები დეტალურად გააცნეს. 

პროექტის ფარგლებში  სამუშაოები შემდეგი კომპონენტების ფარგლებში განხორციელდა: მიწისა და უძრავი ქონების მართვა; მონაცემთა გაზიარება და ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნა; გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება; ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება; IT-განვითარება; სამისამართო სისტემის მოდელის განხორციელება სოფლად; მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული არქივირება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში 2005 წლიდან ვიმყოფები   და არაერთ პროექტში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ჩვენ ვეხმარებით  საქართველოს მიწის ადმინისტრირების მიმართულებით განვითარების პროცესში.  უდავოდ განსაცვიფრებელია ის შედეგები, რასაც პროექტის ფარგლებში მივაღწიეთ.  ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა  მომავალშიც გაგრძელდება", – განაცხადა პროექტის სპონსორმა მატს სნელმა.  

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსი მოლი ლიენი. 

„შვედეთისა და საქართველოს კოლეგა უწყებების თანამშრომლობის შედეგად მიღწეული  შედეგებს განვიხილავ,  როგორც საქართველოს განვითარების  შესაძლებლობას  მიწის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით. ეს არის სახელმწიფოს ის ფუნდამენტური საფუძველი, რაზეც დემოკრატიის გაძლიერება და  სამართლიანობის  პრინციპების დაცვაა დაშენებული.  ვფიქრობ,  თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ პროექტის გაგრძელება გაამყარებს  ახლო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - აღნიშნა მოლი ლიენმა.

პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში"   საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელების შედეგია და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ხორციელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics