07:33 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-28 00:51:57, 1471 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან

"დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით [სამშობლოსადმი დამოკიდებულება] რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ავითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს.

პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე და ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, - სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, „რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ,,ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), ,,სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი)“.

„ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხვევაში, ღვთის მადლი იმდენად აღგავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან, ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით განგმსჭვალავს და ვეღარაფერი დაგამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი, მაცხოვრის მაცხოვნებელ მადლს შეერთებული, ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აღგასრულებინებს“, - აცხადებს პატრიარქი და განმარტავს, რომ ეს განმღრთობას, ღვთის მიბაძვას გულისხმობს.

„ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს. ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება... მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით (კოლ.3,23). რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, - თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics