06:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 12:54:53, 1235 ნახვა

საზოგადოება
​ტედ ჯონასი: თბილისმა უნდა აირჩიოს - სურს ჰგავდეს ვენას, თუ თეირანს

ტედ ჯონასი ამერიკელი იურისტია, რომელიც 20 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. კერძო იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ის „კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრია და გარემოსდაცვითი აქტივიზმითაა დაკავებული. ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის მავნე გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ. გასულ წელს, კი ერთ-ერთი ავტომაგისტრალის წინააღმდეგ მიმართული პეტიციის თანაავტორთა შორის იყო.

როგორც კონასი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, საქართველოში გარემოს დაცვის საკითხი სათანადოდ არ არის მოწესრიგებული.

"ტურიზმმა 2017 წელს 2 მილიარდი დოლარი მოუტანა ეკონომიკას. ეს მაშინ, როცა 18 მილიონი დოლარია ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსული თანხა. მთავრობის პოლიტიკა აჩვენებს, თითქოს ჰესების მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკურად ნამდვილად არ არის ასე. არ ვამბობ, რომ ყველა ჰესი ცუდია. ცუდი ისაა, რომ ისინი შენდება ყველაგან, სადაც კი მათი აშენება შეიძლება. ჩანს, რომ არ არის გეგმა. სინამდვილე ისაა, რომ არის ბიზნეს ინტერესები, მოგება ამგვარი მშენებლობებისგან. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ბევრ სამშენებლო კონტრაქტს ქმნის, იქნება ეს გვირაბების მშენებლობა თუ სხვა. იგივეა გზების მშენებლობაზეც. ეს არის მცირე, შერჩევითი ჯგუფი ქართული ბიზნესებისა, რომელიც იღებს მოგებას ამ პროექტებიდან და რომელსაც აქვს ახლო კავშირები მმართველ პარტიასთან. ეს არ ეხება მხოლოდ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ეს ასე ხდება ნებისმიერ სხვა მთავრობასთან და აქაც კი, ამერიკაში, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიები დაკავშირებულნი არიან მთავრობასთან. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 200 მილიონი დაიხარჯება ამა თუ იმ პროექტზე, უნდა წავიდეთ ამის მიღმაც და ვიკითხოთ, რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ის, რა სარგებელი იქნება მშპ-ის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ჰესები ძალიან ცოტა სამუშაო ადგილს ქმნის მაშინ, როცა გარემოზე უდიდესი მავნე ზეგავლენა აქვს, აზიანებს ტურიზმის ეკონომიკას ისეთ ადგილებში, როგორიც სვანეთია და ა.შ. მე არ ვარ ჰესების წინააღმდეგი. ბევრი სხვა ადამიანივით მაწუხებს ის, რომ ვხედავ, არ არსებობს გეგმა იმის შესახებ, სად და რამდენი ჰესი უნდა აშენდეს. როცა იგეგმება 5-6 ჰესის აშენება სვანეთსა და რაჭაში, გვჭირდება კი ყველა მათგანი? თუ გვჭირდება ენერგოპოლიტიკა, რომელიც გვეტყვის, რომ შესაძლოა აქედან 2-3-ის გაკეთებაა საჭირო, იქნებ ამავე ენერგიას სხვა ადგილებიდანაც მივიღებთ და ა.შ. იქნებ შევავსებთ იმავე რაოდენობას ქარის ენერგიისა და ენერგოეფექტურობით დაზოგილი ენერგიის დამატებით?", - აღნიშნა მან.

ჯონასმა თბილისში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რათა ის საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს. 

"თბილისში ჰაერის დაბინძურება, გადაჭარბებული განაშენიანება, საცობები, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ მიმართულებით წნეხი არათუ გარემოსდამცველი აქტივისტებისგან, არამედ ბიზნეს საზოგადოებიდანაც გაიზარდა. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს ცუდი ხარისხის საწვავთან, ავტომობილების ინსპექციასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ოჯახის წევრებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და გარდა ამისა, ისინიც ვეღარ შეძლებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, თუკი თბილისი საცხოვრებლად გამოუსადეგარი ქალაქი იქნება. ეს ამ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ის, რომ თბილისი უფრო მეტად ჰგავდეს ევროპულ ქალაქებს, ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კარგი ტროტუარები, კარგი სასეირნო ადგილები, დაბინძურებისა და მანქანების რაოდენობის კონტროლი, განვითარების კონტროლი. გვინდა, რომ ვგავდეთ ვენას, თუ სტამბოლსა და თეირანს? ესაა თბილისის წინაშე არსებული შეკითხვა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეს შეიძლება წავიდეს ნებისმიერ მხარეს. დიდი ზიანია მიყენებული, მაგრამ სრულად განადგურებული არ არის. თბილისი შეიძლება კვლავ განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ბერლინს და ვენას ჰგავდეს, ან პირიქით, დაემსგავსოს სტამბოლსა და თეირანს, სადაც ყოველი წერტილი, სივრცე ათვისებულია და ცუდი ჰაერია. როგორც წესი, ქართველები უფრო ევროპულ გზას ირჩევენ ხოლმე, რათა უფრო ევროპული საზოგადოება და უფრო ევროპული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ტედ ჯონასმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics