09:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:13:20, 444 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაციის განმარტებით, სტიქიის ღამეს მტაცებლებისთვის ვოლიერების გაღება შეუძლებელი იყო

ზოოპარკის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტიქიის ღამეს ზოოპარკის თანამშრომლებმა მტაცებლები ვოლიერებიდან გამოუშვეს, აბსურდულს უწოდებს. 

როგორც ადმინისტრაციაში განმატავენ, ვოლიერების გასაღები დაცულ ტერიტორიაზე ინახება, სტიქიის ღამეს კი, შეუძლებელი იყო, რომელიმე თანამშრომელს ის აეღო და თუნდაც ერთი ვოლიერი გაეღო.

ზოოპარკის ადმინისტრაცია აქვე დასძენს, რომ თანამშრომლები 3სმ. დიამეტრის რკინის გისოსების გატეხვას ვერ მოახერხებდნენ. 

„ეს ინფორმაცია არის სრული ჭორი და შინაარსობრივად აბსურდული, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ფაქტს. როგორც მოსახლეობამ მასმედიის საშუალებებით იცის, წყალმოვარდნამ იმგვარი სისწრაფით დატბორა სვანიძის ქუჩის ტერიტორია და აავსო სახლები წყლით, რომ ადამიანებმა ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა. ზუსტად ასე მოხდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც. სამწუხაროდ ჩვენმა სამმა თანამშრომელმა ვერ მოასწრო მტაცებლების განყოფილების შენობის დატოვება და შეეწირა სტიქიას. ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმოვარდნის დროს იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი, მისი მეუღლე, დაცვის თანამშრომლები, საწოლს მიჯაჭვული მომვლელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ასაკოვანი თანამშრომელი. ამ სიტუაციაში კარიკატურულია იმის მტკიცება, თითქოს რომელიმეს შეეძლო ხელით ვოლიერების 3 სმ. დიამეტრის სრული რკინის გისოსების გაგრეხვა/გახერხვა ცხოველების გამოსაშვებად. რაც შეეხება ვოლიერების გასაღებით გაღებას: ესეც აბსურდია, რადგან ყველა გასაღები სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება განყოფილებაში. წყალმოვარდნის წარმოუდგენელი სიმძლავრისა და სისწრაფის ფონზე, როდესაც ადამიანებმა შენობის დატოვებაც კი ვერ მოასწრეს, სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანს შეძლო გასაღებების აღება დაცული ადგილიდან, გამოქცევა და რომელიმე (თუნდაც ერთი) ვოლიერის გაღება. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ ცხადად გააცნობიეროს ის წამები, როდესაც წყალი ყველა ზემოხსენებულ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობს და თვითგადარეჩენის ინსტინქტი მუშაობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი მტაცებლების ვოლიერებში მომვლელები არ შედიოდნენ. დალაგებისას ხდებოდა მტაცებლების სპეციალურ იზოლატორებში წინასწარ გადაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო დაშვებული ცარიელი სათავსების გაწმენდა. გთხოვთ გაიხსენოთ ქ-ნი გულიკოს ტრაგიკული ფაქტიც, რომელიც ვეფხვებმა დაგლიჯეს მაშინ, როდესაც გულიკო ვოლიერის გარეთ იმყოფებოდა და მტაცებლებმა გისოსებს შიგნიდან შეძლეს მისი დაზიანება. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ადამიანს წამებში განვითარებული მოვლენებისას ან მოესწრო, ან მოტივაცია ჰქონოდა გაეხსნა გალია და მტაცებლის პირისპირ დარჩენილიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics