07:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 19:42:18, 543 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ზოოპარკების ასოციაცია: თბილისის ზოოპარკმა საქმისადმი ერთგულება დაამტკიცა

ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე,  საიმონ ტონგი თბილისის ზოოპარკისა და ბ-ნი ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერ ოფიციალურ წერილს ავრცელებს.
როგორც წერილშია ნათქვამი, 2010 წლის ოქტომბრიდან თბილისის ზოოპარკი "ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. წევრობის კანდიდატობის პერიოდში კი, თბილისის ზოოპარკმა, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით, კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება დაამტკიცა.

„ ასოციაციის წევრობის პროგრამის კანდიდატად წარდგენა EAZA-ს ინიციატივით ხდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ზოოპარკებთან თანამშრომლობას ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, საქმიანი პრაქტიკის, განათლების, კონსერვაციისა და კვლევების სტანდარტების გასაუმჯობესებლად. იმ სტანდარტების მისაღწევად, რომელთაც ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი უნდა აკმაყოფილებდეს, ორგანიზაციის წევრობის კანდიდატები თანამშრომლობენ EAZA-ს მენტორთან, რომელიც, როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ზოოპარკის გამოცდილი დირექტორია.
წევრობის კანდიდატობის პერიოდში თბილისის ზოოპარკმა, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით, განვითარების პროცესში დაამტკიცა კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება. EAZA-ს მენტორის მიერ აღინიშნა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარება, ცხოველთა კეთილდღეობისა და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. უდაოდ, დირექტორმა გურიელიძემ და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე სტიქიასთან გამკლავებისას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას და დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ აღმოეჩინათ და უსაფრთხოდ დაებრუნებინათ ცხოველები ზოოპარკში. EAZA-ს მენტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოოლოგიური ინსტიტუტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი დამანგრეველი ძალის მქონე სტიქიის წინასწარ განჭვრეტა და ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
EAZA-ს მტკიცედ სწამს, რომ საუკეთესო ზოოპარკებსა და აკვარიუმებს თავისი წვლილი შეაქვთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა გააზრებულად იმოქმედონ გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად. თბილისის ზოოპარკის წარმატებული საქმიანობის საუკეთესო დასტურია ის ასობით მოხალისე, რომელიც ამ მძიმე დღეებში ზოოპარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას. EAZA დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება ზოოპარკის აღდგენა. თბილისის ზოოპარკს ზურაბ გურიელიძის, როგორც ჩვენი ასოციაციის პარტნიორის, ხელმძღვანელობით, აქვს იმ სტანდარტების მიღწევის პოტენციალი, რომელთაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს. გვჯერა, რომ თბილისის ზოოპარკი კვლავაც შეძლებს დამთვალიერებლისთვის და მომავალი თაობებისთვის სიხარულის მინიჭებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას“, – აღნიშნულია საიმონ ტონგის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics