01:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 10:57:56, 1312 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს ემილ კარანიკოლოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახლოების პროცესის ხელშეწყობას და სხვ. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოებში.

გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ეკონომიკა რეგიონის ერთ-ერთ დინამიურად ზრდად ეკონომიკებს შორის დასახელდა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში და მათი გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონტექსტში.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ვაჭრობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 29 პროცენტით გაიზარდა და 440 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ამ მაჩვენებლით ბულგარეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის 9 პოზიციაზეა. ასევე 39 პროცენტით გაიზარდა ბულგარეთში საქართველოს ექსპორტი. ამავე დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო კავშირები უნდა განვითარდეს.

შეხვედრის დროს აღინიშნა ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით ბიზნეს ფორუმის ორგანიზების მნიშვნელობის შესახებ. ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რომელთაც ქართველ მწარმოებლებს აძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რათა მათ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებს ბაზარზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც არაერთხელ დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგით, რომელმაც 2019 წელს საქართველო მე-6 პოზიციაზე განათავსა. საქართველოში ბულგარული ინვესტიციებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ბულგარეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 89 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.     

 

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ბულგარელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა არსებული საავტომობილო და სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შემდგომ განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი გავლით შეუფერხებელ სატრანსპორტო ოპერაციების წარმოებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics