|
2019-04-04 15:26:54, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ქვეყნის სტრატეგიული მიზნის მიღწევის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მინისტრმა აშშ-ის გარდა, ყურადღება დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სტრატეგიულ დიალოგზე გაამახვილა: „განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი მინდა გამოვყო. აშშ-ის შემდეგ სწორედ დიდი ბრიტანეთია მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი. ჩვენ მათთან გამორჩეულად ვთანამშრომლობთ. მინდა ასევე სიხარულით აღვნიშნო, რომ წელს ახალი ფორმატით დაიწყო (დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი) სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საფრანგეთთან თანამშრომლობა, თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის თვალსაზრისით, თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილეობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საჰაერო თავდაცვის სისტემის ასპექტში განხორციელებული ბოლო შესყიდვა, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბერს გავაფორმეთ და რომლის საფუძველზეც საქართველოს მართვისა და კონტროლის ის სისტემა ექნება, რომელიც ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. მინდა ასევე გამოვყო გერმანიასთან თანამშრომლობა. 2018 წლის 27 ნოემბერს პირველად მოეწერა ხელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ასპექტში ორმხრივ შეთანხმებას. გერმანელებთან ერთად წლებია, ავღანეთში მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ვიცავთ უსაფრთხოებას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, გერმანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუტორია. ეს ეხება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) წარმატებულ ფუნქციონირებას, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაწეულ კონტრიბუციას. გერმანიის მთავრობამ გარკვეული სატრანსპორტო საშუალებების, სატვირთო ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია და რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრისას, მინისტრმა შავი ზღვის ქვეყნებთან და რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკაც ხაზგასმით აღნიშნა და სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაიხსენა: „პირველ რიგში, თურქეთთან წლების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობას, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან თანამშრომლობას გამოვყოფ. ივნისში სამმხრივ ფორმატში მორიგი შეხვედრა შედგება, სადაც თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტულ გეგმებს დავსახავთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მინისტრი თავდაცვის სფეროში რუმინეთთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, სკანდინავიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობასაც შეეხო და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სახელით მადლობა გადაუხადა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)