19:15 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 11:41:01, 1185 ნახვა

საზოგადოება
პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა

დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი დღეს 80 წლის გახდებოდა. გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა.

ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან  აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.
1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვ. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“.
1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.
მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, მაინის ფრანკფურტი) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ ჟურნალთან „მიმდინარე ამბების ქრონიკა“ (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა, პატიმრობიდან 1979 წელს გაათავისუფლეს.
1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიად გამსახურდია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი.
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.
1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა.
გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.   
მისი მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, პროფესიით ექიმი პედიატრია. იგი ზვიად გამსახურდიას პარტიული თანამებრძოლი იყო. ჰქყავს სამი შვილი - კონსტანტინე (პირველი ქორწინებიდან), ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics