|
2019-03-20 15:30:41, 1093 ნახვა
საზოგადოება
ზაარბრიუკენის, მშრალი ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა. სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ზოგადად, ინფრასტრუქტურული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რათა ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. დედაქალაქის ბიუჯეტიც ამაზე მეტყველებს. დღეს დავიწყეთ ზაარბრუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტებისთვის. როგორც იცით, ეს ადგილი პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი აღმაშენებელი, აღნიშნული ხიდები, ბაღები და ორბელიანის განახლებული მოედანი ერთ ძალიან დიდ, საინტერესო სივრცეს შექმნის დედაქალაქში. მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა მტკვართან მიახლოების პროექტი, რომელიც მეორე ეტაპზე განხორციელდება დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე. ჯებირები და მოაჯირები, რომელიც დღეს არის მტკვართან, აღარ იქნება და ადამიანებს ექნებათ მტკვართან მისვლის შესაძლებლობა, კიბეებით, ისე, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ და წინწასულ ქალაქებშია. მტკვარი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, ტერიტორიის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილზე დასაქმებული ადამიანებისთვისაც, ვინაიდან ეს ადგილი ტურისტულად აქტიური ზონა გახდება. მერის განცხადებით, ტერიტორია მოწესრიგდება და აქ დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა კომფორტულ, ცივილურ გარემოში გააგრძელონ. სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს უქმნის თვითდასაქმებულებს, ადგილობრივ მომხმარებლებს და ტურისტებს. პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოები მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონის გამგებლებმა - დავით კირკიტაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
(NS)
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)