|
2018-12-17 14:46:00, 904 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
„აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რას ითვალისწინებს ორპარტიული კანონპროექტი. „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს. პირველ რიგში, ის გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ასევე გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და არის განსაკუთრებული ხაზგასმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს - კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოთხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ამასთან,ზალკალიანის თქმით, აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გარდა ამისა, კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში, თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. „კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ასევე, მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში; ასევე წარმოადგინოს ხუთწლიანი სტრატეგია ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას. კანონპროექტში, ასევე, საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე დეზინფორმაციის და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - კანონპროექტში არის მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ, რომ მან გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია ამ კანონპროექტში. აღსანიშნავია, რომ ამერიკა საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში კონგრესმა პირველად დაამტკიცა ცალკემდგომი დოკუმენტი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)