18:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 11:06:12, 1115 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი მკვლევარი: ეს არ იყო სუფთა არჩევნები

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარის პოლ სტრონსკის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები "ძალიან ბინძური და მახინჯი იყო".

ამასთან, როგორც მკვლევარმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა,  საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ მას პირველს რეგიონში, ქალი-პრეზიდენტი ჰყავს. 

"ეს მმართველი პარტიის გამარჯვებაა... ნიშნავს, რომ ძალაუფლების ყველა შტო მმართველი პარტიის ხელშია. არსებობს კითხვები იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის დაშინების კუთხით. ადრეა იმის თქმა, თუ რა როლი ითამაშა ამ ფაქტორებმა მათ გამარჯვებაში. ამას დრო გვეტყვის. [ზურაბიშვილმა] უფრო დიდი უპირატესობით მოახერხა გამარჯვება, ვიდრე მე ვფიქრობდი. ეს გვაჩვენებს, რომ ის გაიმარჯვებდა ამ ფაქტორების მიუხედავადაც. თუმცა, ქართული ოცნება მთავრობის ყველა ნაწილს აკონტროლებს და პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. სამწუხაროა ის, რომ ეს არ იყო არჩევნები პოლიტიკის გარშემო, არამედ პიროვნებების გარშემო. ეს იყო ძალიან ბინძური და მახინჯი არჩევნები და ვფიქრობ, ქართველი ხალხი არ იმსახურებდა ორივე მხარისგან მომავალ მსგავს წინასაარჩევნო რიტორიკას... [ზურაბიშვილი პირველი არჩეული ქალია] რეგიონში, საქართველომ ამით უნდა იამაყოს, შეერთებული შტატები ჯერ აქამდე არ მისულა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გარშემო არსებობს სადაო საკითხები", - განაცხადა მან.

მკვლევარის თქმით, საქართველომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან საკმაოდ მკაცრი შეფასება მიიღო. 

"შემაშფოთებელია ეს ბრალდებები. ჩვენ ჯერ მხოლოდ წინასწარი განცხადებები ვიხილეთ. ცოტა თავი უნდა შევიკავოთ მყისიერი რეაქციებისგან... ჩვენ უნდა დავუცადოთ საბოლოო ანგარიშს. თუმცა, ეს ძალზედ მკაცრი წინასწარი შეფასება იყო. ეს, ან იმას გულისხმობს, რომ ამომრჩევლის დაშინებამ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია, ვიდრე ბევრს ეგონა, ან რომ საქართველოსგან უფრო მეტს მოითხოვენ. რეგიონის სხვა ქვეყნებში, უკრაინაში, სომხეთში არჩევნები უფრო მეტი დარღვევით იმართება, თუმცა ისინი მსგავს მკაცრ კრიტიკას არ მიმართავენ. ეს ნიშნავს, და ვფიქრობ ეს სწორია, რომ საქართველოსგან უფრო მაღალ სტანდარტს ელიან, რადგან ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველო ევროპისკენ მიილტვის და გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამიტომ, ვფიქრობ, დიდ თუ პატარა უკუსვლაზე საქართველომ პასუხი უნდა აგოს. პრობლემაა ის, რომ ეს არ იყო სუფთა არჩევნები. მათ გაკვეთილი უნდა მიიღონ და მოემაზადონ უკეთესი არჩევნებისთვის ორ წელში", - აღნიშნა სტრონსკიმ. 

მკვლევარის შეფასებით, მმართველმა გუნდა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო რიტორიკა წარმატებით გამოიყენა. 

"სააკაშვილი მათ თამაშს თამაშობს, როდესაც გამუდმებით რთავს საკუთარ თავს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ეს არც ნაციონალურ მოძრაობას არ ეხმარება, და არც ოპოზიციის გაერთიანებას. თუმცა ქართული ოცნება დღეს საქართველოში ხელისუფლების სადავეებთან არის, და საკუთარ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით უნდა აწარმოებდეს კამპანიას და არა სულ წარსულისკენ ყურებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პოლარიზებას დააღწიოს თავი, ამის გარეშე წინ ვერ წავა.... პარტიებმა ხედვა უნდა დასახონ, რომელიც არა დაშინების ტაქტიკაზე არამედ, მომავლის ხედვაზე იქნება დაფუძნებული. სანამ სააკაშვილი რჩება წინააღმდეგობრივ ფიგურად, და აგრძელებს მცდელობას ქართულ პოლიტიკაში როლი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი სახელმწიფო მოღვაწის ამპლუა მოირგოს, ქართული ოცნება გააგრძელებს ამ პარტიის თამაშს. ოპოზიცია ვფიქრობ, უფრო წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკის ან პროგრამის გარშემო გაერთიანდება და შეეცდება ქართული ოცნების პოლიტიკურ დებატებში ჩართავს. ქართულმა ოცნებამ ბევრი დაპირება გასცა ბოლო ექვსი წლის მანძილზე, რომლის ნაწილიც არ შეუსრულებია. ისინი შემდეგი არჩევნებისთვის უკვე 8 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და დაშინების ტაქტიკის ნაცვლად, უნდა ქონდეთ მიღწევები, რასაც მათ კამპანია დაეყრდნობა", - განაცხადა მან.

მკვლევარი "ქართულ ოცნებას" ურჩევს წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს. 

"ჩვენ ვიხილეთ ეს სააკაშვილის შემთხვევაში 2010-12 წლებში, სომხეთში პრეზიდენტ სარქისიანის შემთხვევაში, როცა მან ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის. ვიქნები გულახდილი, საქართველო ახლა არაა მზად იმისთვის, რომ დასავლური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს, საქართველო უნდა იყოს მოდელი... საქართველომ უნდა მოახერხოს პოლარიზაციის გადალახვა. ქართული ოცნება უნდა შეეცადოს რეალურად მართოს ქვეყანა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს..ვფიქრობ, ქუჩაში გასვლა სასოწარკვეთილების გამოხატულებაა და არა იმის, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატია... პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. იმის გაანალიზება, რომ ხმების 40 პროცენტი მიიღე და დამატებით 40 პროცენტი არჩევნებზე არ მივიდა. ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც ორივე, ოპოზიცია და ქართული ოცნება, უნდა ესაუბრებოდეს. თუ პირველ რაუნდს მეორეს შეადარებ, რა თქმა უნდა, დიდი ენთუზიაზმი არ იყო ზურაბიშვილის გარშემო... თუმცა, ეს იყო ისეთი სხვაობით გამარჯვება, რომ რთულია ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. ოპოზიციამ ახლა უნდა იმუშაოს პოლიტიკის შემუშავებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, განათლების თუ ჯანდაცვის, უსაფრთხოების კუთხით, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების უფლებები... და იყოს პროდუქტიული. გვერდზე უნდა გადადონ ოპონენტების მოღალატეებად გამოცხადება და პოლარიზებული რიტორიკა. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას და არც არჩევნების მოგებაში ეხმარება მათ... დღეს ქართულმა ოცნებამ იცის, როგორ დაამარცხოს ნაციონალური მოძრაობა. ვფიქრობ ენმ-ს სჭირდება ტაქტიკის ცვლილება და იმის მოფიქრება, როგორ გაიმარჯვოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ამომრჩევლის 40 პროცენტი შესანიშნავი ბაზაა ამისთვის. ასევე, დანარჩენი 40 პროცენტი რომელიც ისე იმედგაცრუებულია, რომ ხმის მიცემაც არ სურს. და ის ხმები, რომელიც პირველსა და მეორე ტურს შორის ზურაბიშვილისკენ წავიდა, ასევე მოპოვებადია. ამ ყველა ხმის მოგება შეიძლება, თუ ენმ სწორ მესიჯებს და გზას შეარჩევს, და იპოვის საშუალებას, თუ როგორ იმუშაოს მთავრობასთან, როგორც კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, როცა ეს ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია... მე საქართველოს იმედით ვუყურებ. იმედით ვუყურებ ოპოზიციას. მართალია, ის გაფანტული და დანაწერევრებულია. მაგრამ ძალზედ სიცოცხლისუნარიანი...ეს არჩევნები აჩვენებს, რომ არსებობს სივრცე პარტიისთვის, რომელიც ამ ამომრჩეველს მიწვდება", - აღნიშნა პოლ სტრონსკი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics