|
2018-09-04 11:54:26, 1116 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა
თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა. სკოლის გახსნა ერთ–ერთი პირველი კონკრეტული შედეგია იმ ჩამონათვალში, რომელიც 2020 წლისთვის ,,აღმოსავლეთ პარნიორობის" ფარგლებში 20 შედეგის მიღწევას ითვალისწინებს. ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად სკოლა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს. „უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს", - განაცხადა ჰანმა. 2017 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა უპირველეს პრიორიტეტად და იმ ვალდებულების ნაწილად, რომელიც რეგიონის ახალგაზრდობის მხარდაჭერის გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება. სკოლა წარმოადგენს ერთ-ერთს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან, რომლებიც ლიდერებმა გასულ სამიტზე დაამტკიცეს, და შეადგენს ნაწილს ახალგაზრდობის მხარდაჭერის უფრო ვრცელი, 340 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტისა. იმ უნიკალურ პროგრამაში, რომელსაც მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა სთავაზობს, კომბინირებულია ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება. 16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა, და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)