13:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 17:44:57, 746 ნახვა

რეგიონი
ნაფარეულისა და სანიორის მოსახლეობისთვის იუსტიციის მინისტრმა რიგით 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ორი მეზობელი სოფლის მოსახლეობის დაჟინებული თხოვნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრი ორივე სოფელში აშენებულიყო, უწყებამ გაითვალისწინა და, თელავის მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, გამოიძებნა მიწის ნაკვეთი ორი სოფლის საზღვარზე. თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც ქალაქად იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერების დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.

სანიორე/ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა". ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს. ანალოგიური გამოფენა უკვე გაიმართა საზოგადოებრივ ცენტრებში ლანჩხუთსა და აწყურში. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ გამოფენას 2018 წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სანიორისა და ნაფარეულის მცხოვრებთ და სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი. ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ბუშტებით მოირთო, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობასა და ფუნქციებზე. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.

სანიორე/ნაფარეულის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთსა და აწყურში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics