09:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-05 17:08:15, 641 ნახვა

რეგიონი
ბეშუმში სახალხლო დღესასწაული „შუამთობა -2018" გაიმართა

მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიულოცეს. აჭარის მთის უძველეს სახალხო დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები სრულიად აჭარას.

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული  - „შუამთობა", რომელიც არის ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ბებიების და ბაბუების პატივისცემის კიდევ ერთი გამოხატულება. მე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ბავშვებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ დიდი ხანი ელოდნენ ამ დღესასწაულს. ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასე რუდუნებით შემოგვინახეს ეს დღესასწაული" - აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ შუამთობაზე მყოფ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მთაში არსებული პრობლემები სწრაფი ტემპებით გადაიჭრება. „ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. მინდა დაგპირდეთ, რომ კურორტი ბეშუმი და ყველა  ჩვენი ტურისტული მდებარეობა გადაიქცევა ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ დანიშნულებად" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი სიყვარულის და ერთიანი სულისკვეთების. დღევანდელი დღე არის ზეიმი მთისა და ბარის ერთობლიობის. ჩვენთვის მთის განვითარებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ, რომ ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მთიანი აჭარა ვაქციოთ 4 სეზონიან კურორტად.  მალე დაიწყება ხულო-ზარზმის პროექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზი მთიანი აჭარის განვითარებისთვის, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია განვახორციელოთ ბევრი ისეთი პროექტი, რაც მთიან აჭარას აქცევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად" - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

ღონისძიება „შუამთობის" კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ანსამბლები,  მათ შორის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა" მონაწილეობდა. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა.

შუამთობის დღესასწაულზე ჩატარდა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. გაიმართა ასევე შეჯიბრი მკლავჭიდში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics