01:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 18:16:59, 1002 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის მაჩვენებელი ძალიან მაღალია“ - ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების 2017 წლის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ეს დღე კიდევ ერთხელ ახსენებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას ბავშვთან კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და საჭიროებას. მისივე თქმით, სახალხო დამცველის საქმიანობაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფერო სწორედ ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა.

„ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით მიღწეულ შედეგებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სისტემური ხასიათის პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და უარყოფითად აისახება ბავშვთა კეთილდღეობაზე საქართველოში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მკვლელობათა მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ხოლო ამ შემთხვევების იდენტიფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი.

"ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბულინგი სკოლებში, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა არის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ანგარიშში. ასეთი შემთხვევების იდენტიფიკაციის მაჩვენებელი არის დაბალი, ძალიან ცოტა რამ კეთდება ამ პრობლემების მოგვარების მხრივ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოფნის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომელიც იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, არ არსებობს შესაბამისი თავშესაფარი თუნდაც სოციალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, შარშან ძალიან მაღალი იყო არასრულწლოვნების მკვლელობათა მაჩვენებელი“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ძალიან ხშირად ძალადობისკენ მიდრეკილნი არიან ის ბავშვები, რომლებიც არიან დაჩაგრულები და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, როგორც სკოლაში, ასევე იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, რეაგირების მექანიზმები და სერვისები ქვეყანაში სათანადოდ განვითარებული არ არის.

ომბუდსმენმა შშმ ბავშვების პრობლემებსა და სარეაბილიტაციო სკოლებზეც გაამახვილა ყურადღება.

„სკოლებში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, საგანგაშოა. მრავალი სკოლაა სარეაბილიტაციო და ავარიული, 100-ზე მეტ სკოლას წყალი არ მიეწოდება, მოსწავლეები წყლის გარეშე არიან დარჩენილიები. ასევე, შშმ ბავშვებისთვის კრიტიკულად რთულია სასწავლო ინფრასტრუქტურისა და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა“, – განმარტა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ–ერთი პრობლემაა. საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150- 186–ს შეადგენს. თუმცა, ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩებიან.

„ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე ბავშვების რიცხვი, რომლებიც სიღარიბის მიუხედავად ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში, არის ძალიან მაღალი. საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ–ეკონომიკური პირობების გამო იქნა გამოყვანილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება ბავშვების დაცვა სექსუალური ძალადობისგან და მათი რეაბილიტაციის და დახმარების ეფექტური ეროვნული სისტემის არარსებობა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2017 წელს 20%–ით გაიზარდა ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობების რიცხვი. ასევე გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში დაქორწინებული ბავშვებისთვის განათლების მიღების პრობლემა.

 

სალომე უბირია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics