23:53 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 15:31:39, 1621 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“  განაახლა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“.

ანგარიშში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გაანალიზებულია ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები.

საქსტატის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა  2017 წელს  იყო 34 896, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0,94%-ს შეადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა (იმიგრანტთა საერთო რაოდენობის 28% - 9723 ადამიანი). რუსეთიდან იმიგრანტების ტალღა შეინიშნებოდა 2008-2011 წლებში, რაც ქვეყნებს შორის საომარი კონფლიქტის შემდგომი სიტუაციით უნდა იყოს გამოწვეული. 2013-2017 წლებში რუსეთის ფედერაციიდან იმიგრანტების რაოდენობას კვლავ ზრდის ტენდენცია აქვს, რაც არ არის დაკავშირებული ქვეყანაში ლტოლვილების ან სასწავლებლად ჩამოსვლასთან.

უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 19%-ით (8246 იმიგრანტით) შემცირდა. მკვეთრად (30 პროცენტული პუნქტით და მეტით) იკლო იმიგრანტების რაოდენობამ კუვეიტიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ერაყიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან, ხოლო მოიმატა იმიგრანტების რაოდენობამ ირანიდან, მოლდოვადან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.

2016 წელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა თურქეთიდან იმიგრანტების რაოდენობა და 2017 წელს საქართველოში თურქეთის მოქალაქე 4 365 იმიგრანტი იმყოფებოდა.

ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა იმიგრანტების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა). 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში უკრაინის მოქალაქე 2 275  იმიგრანტი იმყოფება.

ასევე იზრდება იმიგრანტების რაოდენობა ინდოეთიდან, რასაც ორგანიზაცია უმაღლესი განათლების მიზნით ამ ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობის მატებით ხსნის - ამჟამად საქართველოში 3689 ინდოელი სტუდენტია. იმავდროულად, აღმოსავლეთ  (ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები, ბანგლადეში) და ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, უზბეკეთი) ქვეყნებიდან  იმიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა.

2012-2017 წლებში ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნებიდან (ერაყი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კუვეიტი) იმიგრანტების რაოდენობა მზარდი იყო 2014 წლამდე, რაც ასევე ნაწილობრივ დაკავშირებულია უმაღლესი განათლების მიზნით სტუდენტების ჩამოსვლასთან, 2015 წლის შემდეგ კი მას კლების ტენდენცია აქვს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულთა შორის ყველაზე მეტი - 1335 იმიგრანტია ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მერყევია და მცირე ზრდის ტენდენცია აქვს.

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს 56 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს  10306 სტუდენტი მსოფლიოს 89 ქვეყნიდან, ხოლო მათი რაოდენობის ზრდა ორგანიზაციას საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის განვითარებისათვის სასარგებლო ტენდენციად მიაჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „მწვანე კავკასია“ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაამარტივოს უცხოელი სტუდენტებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურები.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics