|
2018-05-26 15:10:48, 1324 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისაკენ
„საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. „100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და მინდა, უპირველეს ყოვლისა, მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება - ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა. 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისაკენ. ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის გასვლის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი პრივილეგიაა, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს ისტორია მომავლის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. „დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა და მისი ამოცანა სამშობლოსთვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა და ხალხი ყოველთვის იქნება შეიარაღებული ძალების გვერდით. „მოგმართავთ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ფიცს დებთ ჩვენი დროშის წინაშე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა. დღეს თქვენ დაპირდებით სამშობლოს, რომ მას უერთგულებთ და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, ჩვენი თანამედროვე გმირების-ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის საქმეს გააგრძელებთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა სამშობლოსათვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. მინდა, გისურვოთ, სამშობლოსადმი თქვენი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებითა და წარმატებებით აღსავსე. სამშობლო და ხალხი თქვენგან თავდადებას მოითხოვს და განსაკუთრებულად ამაყობს თქვენით. საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და იმედის თვალით შემოგხედავთ, სადაც არ უნდა იყოთ - ჩვენს ქვეყანაში თუ საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ აყვავებასა და აღმავლობას გისურვებთ",- მიმართა ირაკლი კობახიძემ რეკრუტებსა და წვევამდელებს. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. საზეიმო ვითარებაში დღეს სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)